ბათუმის იტორიული განაშენიანების საზღვრების შესახებ დასკვნას კულტურის სამინისტრო ამზადებს

16 ნოემბერი 2018, 00:00 1573 ნახვა

სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონებზე მსჯელობა - ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში გვითხრეს. როგორც აღმოჩნდა დოკუმენტის შესწორებულმა ვარიანტმა საბოლოოდ კულტურის სამინისტრომდე 30 ოქტომბერს მიაღწია.

მოკლედ, ბათუმის ისტორიულ საზღვრებზე შინაარსობრივი მსჯელობა ძეგლთა დაცვის სააგენტომ ორი დღის წინ, 14 ნოემბერს დაიწყო. ამბობენ, რომ რუკაზე ცვლილებების საჭიროებას თუ დაინახავენ, არ არის გამორიცხული  რეკომენდაციები დაიწეროს. უცნობია დააბრუნებენ თუ არა საზღვრებში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ბათუმის მერიამ ამოიღო.  


დასაბუთებაში, კულტურის სამინისტროს ცნობით, მერიამ დაახლოებით ასეთი რამ მიუთითა: ტერიტორია უკვე დეგრადირებულია ახალი მშენებლობებით, ამიტომ იგი არ უნდა დარჩეს  საზღვრებში. ცნობისთვის სწორედ იქ იგეგმება ცათამბჯენების აშენება. საზოგადოების ნაწილი ასევე, აპროტესტებს გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთის რუკიდან ამოღებასაც, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში ხვდებოდა საზღვრებში.

ამბობენ რომ იქ გარკვეული მშენებლობებია დაგეგმილი და ამ მიზნით ამოიღეს ტერიტორია ზონიდან. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის მერიაში სხვადასხვა უბანზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე იმსჯელეს, სწორედ ამ სხდომაზე გაიცა ნებართვა ინვესტორზე, რომელიც  გრიბოედოვის 7 ნომერში სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

კიდევ ერთი საკითხი ამ რუკასთან დაკავშირებით - კომპანია „გეოგრაფიკი,“ რომელმაც კვლევები ჩაატარა და რუკა მოამზადა, საკუთარი სახელის ამოღებას ითხოვს ამ დოკუმენტებიდან. კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ რომ შეცვლილ რუკაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და არ სურთ იყოს დაკავშირებულ მათ სახელთან.

ამავე კატეგორიაში