ვაგონში მცხოვრებ 6 შვილიან ოჯახს დედები დაეხმარნენ

22 ნოემბერი 2018, 00:00 3526 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა,  ერთი კვირის წინ, თანამოქალაქეებს 6 შვილიან ოჯახზე მოუყვა ამბავი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და მხოლოდ სოციალური შემწეობით ახერხებენ ბავშვების მოვლას. ამბავი ეხებოდა ვაგონში მცხოვრებ მოზარდებს, რომლებიც არ არიან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში, მოკლებულები არიან ჯანსაღი განვითარებისთვის სწორ კვებასა და ცხოვრების ნორმალურ დონეს. 

არადა ეს უფლება აქვს საქართველოში დაბადებულ ყველა ბავშვს - უნისეფის კონვენციას საქართველომ ხელი 1994 მოაწერა. 

აჭარის მაუწყებელი ასევე ყვებოდა მოხუც მამაკაცზე, რომელიც ოჯახიდან 20 წლის წინ წამოვიდა და დღემდე ავტომობილში, საბჭოთა "ვოლგაში" ცხოვრობს. 

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სიუჟეტის გმირებს მოქალაქეებმა მიაკითხეს და დროებით, მათი ყოფის გაუმჯობესება გადაწყვიტეს. 

რამდენიმე ქალი ერთმანეთს სოციალური ქსელით დაუკავშირდა. სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა იმდენად მაღალი იყო, რომ მოქმედება გადაწყვიტეს. სახლში ნივთები მოაგროვეს, თანხაც შეკრიბეს და 6 შვილიან ოჯახს, სადაც სხვებთან ერთად ჩვილიც იზრდება ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა საკვები, თბილი ტანსაცმელი, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს. 

„სპონტანურად დავგეგმეთ ამ ოჯახთან მისვლა. რამდენიმე ადამიანმა შევკრიბეთ ფული, 450 ლარის პროდუქტი ვიყიდეთ, თბილი ტანსაცმელი წავიღეთ სახლიდან, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთებიც მივუტანეთ. ვაპირებთ საახალწლოდაც ვესტუმროთ და გავახაროთ. ძალიან კარგი ემოციებით და დიდი სიხარულით შეგვხვდნენ“, - განაცხადეს სოციალური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელსაც საჯაროდ მისი ვინაობის დაფიქსირება არ ისურვა. 

თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები  ავტომობილში მცხოვრებ მოხუცსაც მიუტანეს.

 ცივ ამინდში იგი ცხელ ხინკალზეც დაპატიჟეს.  

 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში