''ლავასოღლის ექსტრადირებაზე თურქეთის სასამართლომ უარი განაცხადა'' - მინდია გორაძის ადვოკატი

23 ნოემბერი 2018, 00:00 5861 ნახვა

საქართველოს სასამართლოს მიერ, კანონიერ ქურდობაში ბრალდებული მინდია გორაძე, იგივე ''ლავასოღლი'' თურქეთის სამართალდამცველებმა საპყრობილედან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. უფლებადამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებეთან თქვა, რომ გორაძე თავისუფალია, თუმცა საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან მას აქ დევნიან.  

ადვოკატის მტკიცებით, თურქეთის მხარემ ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.  მისვე განმარტებით, საქართველოს მხარემ სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები  ვერ მიაწოდა.  ''ვერ დადასტურდა, რომ თუ მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდოდა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. იქაურმა სასამართლომ არ ჩათვალა, რომ  საქარველოში ექსტრადირება უნდა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე,  ჩემი ინფორმაციით ის თავისუფალია. რაც შეეხება, საქართველოში ჩამოსვლის საკითხს, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სამწუხაროდ მას ხელისუფლება დევნის'' - განაცხადა კობაიძემ.  

''ლავასოღლის'' სასამართლო პროცესი თურქეთში 11 ნოემბერს გაიმართა, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ  11-მდე ჰქონდა ვადა მტკიცებულებების წარსადგენად. 

მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი", კანონიერი ქურდი საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ 2017 წლის 21 ივლისს გამოაცხადა და მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯა.

ლავასოღლის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქული მედიით 25 ოქტომბერს გავრცელდა და ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. 

ამავე კატეგორიაში