ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა სავარაუდოდ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა

26 ნოემბერი 2018, 00:00 4755 ნახვა

ერთი ქალის მკვლელობასა და მეორეს დაჭრაში ბრალდებულმა სავარაუდოდ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.  პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დაჭრილი ქალი, უზბეკეთის მოქალაქე, ბრალდებულის პარტნიორი იყო და ერთად ცხოვრობდნენ. დანაშაულის ჩადენამდე კი დაშორდნენ და ქალი საცხოვრებლად სხვა ბინაში, მის კოლეგასთან, ასევე უზბეკეთის მოქალაქესთან გადავიდა. 

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ უნდოდა მეგობარ ქალს ემუშავა სექს მუშაკად, ამიტომ მოკლა მეორე 31 წლის ქალი, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა მისი ყოფილი პარტნიორი. 

დანაშაული 2 დღის წინ, 24 ნოემბერს მოხდა. პროკურორის მტკიცებით, თურქეთის მოქალაქე ღამით კაზინო "პრინცესაში" შევიდა, სადაც  ვიაიპი სტატუსი ჰქონდა და თან  მაღაზიაში ნაყიდი ცივი იარაღის შეტანა მოახერხა. სწორედ ამ იარაღით დაესხა თავს 31 წლის ქალს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენა. 

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, როგორც პროცესზე გაირკვა, იგი წარსულში ნასამართლევია და სასჯელს თურქეთში იხდიდა.

დღეს სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა, რადგან ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა უნდა წარმოედგინათ. ადვოკატი ფიქრობდა, რომ ამ ვიდეოების გასაჯაროების შემთხვევაში, შესაძლოა ბრალდებულის მიმართ დაზარალებული მხარეს ზეწოლა განეხორციელებინა. 

მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლე ლევან გელოვანმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდების სიმძიმის გამო მსუბუქ სასჯელს ვერ გამოიყენებდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში