სულხან ღლონტი: ''მოსახლეობასთან უნდა მიდიოდეს პრაქტიკული სიკეთეები, რასაც ტურიზმიდან ვიღებთ''

07 დეკემბერი 2018, 00:00 1990 ნახვა

ბათუმი Airbnb-ის ჩამონათვალში იმ 19 ქალაქს შორის მოხვდა, სადაც მოგზაურობა ტრენდულია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ ჯავშნების კომპანიის  ჩამონათვალის გამოქვეყნების შემდეგ, გუშინ, 6 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ერთად შეაფასა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ფბ გვერდზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა.  

"პრაქტიკულად იარბიენბი რეკომენდაციას აძლევს მის საიტზე რეგისტრირებულ მოგზაურებს მსოფლიოს მასშტაბით, რომ ბათუმში მოგზაურობა ტრენდულია. რეკომენდაციას აძლევს საიტის მომხმარებლებს, რომელთა რიცხვი 150 ​მილიონია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დატვირთული იყოს სასტუმროები ბათუმში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორზე ორიენტირება, ვთვლით, რომ მოსახლეობასთან უნდა მიდიოდეს პრაქტიკული სიკეთეები, რასაც ტურიზმიდან ვიღებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სწორედ ამასთან გვაქვს ადგილი.

ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, იღებს ინფორმაციას იმ წყაროებიდან, რომლებთანაც აჭარის მთავრობასთან ერთად ვთანამშრომლობთ, ესენია BBC, EVRONEWS, შიდა ბაზრისთვის youtube თუ fb პლატფორმები. ბოლო პერიოდში მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი და ქვეყანა ტურიზმის განვითარების სხვა სიბრტყეზე გადადის და ბუნებრივია, ამ მიმართულებით, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი" - განაცხადა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა. 

Airbnb-ი  მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ჯავშნების კომპანიაა, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ და ბინებსა და აპარტამენტებს სთავაზობენ ტურისტებს. საქართველოში საიტზე ათობით ათასი მოქალაქეა რეგისტრირებული  და მოგზაურებს პირადად უწევენ მასპინძლობას. 

ამავე კატეგორიაში