უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებას თბილისის იუსტიციის სახლთან აქციით აპროტესტებენ 

10 დეკემბერი 2018, 00:00 1708 ნახვა

თბილისში, იუსტიციის სახლის წინ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ „ქართული მარშის“ ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა დროებით გაუქმდა.  ისინი თეა წულუკიანთან შეხვედრასაც ითხოვენ.

''იუსტიციის სახლში შეკრება მიზნად ისახავდა ერთადერთი გეგმის ხორცშესხმას, არ მომხდარიყო ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დიდი რაოდენობით, სახელმწიფო ფონდში რიცხული სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ რამდენიმე სეგმენტში დასაქმებულ იურისტებს, პატიოსან ადამიანებს და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს მოვუწოდოთ, გამოიყენონ კონსტიტუციის გათვალისწინებული გაფიცვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური აქტი მიიღო, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. დაახლოებით 2500 ადამიანს საშუალება ეძლევა, ათასობით ჰექტარი ქართული მიწა დაისაკუთროს'' - განაცხადა აქციაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

მოქალაქეები შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა კარები შიგნიდან ჩაკეტეს. საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას დროებით ვერ ახერხებდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია - გადაწყვეტილება პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო. შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი, ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ 16 დეკემბრამდე ძალაში, რადგან მოსამართლეებმა კონსტიტუციის ძველ ვერსიაზე იმსჯელეს. 

ამავე კატეგორიაში