წლევანდელი ზამთარი უფრო თბილი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო

10 დეკემბერი 2018, 00:00 4515 ნახვა

წელს ზამთარი უფრო თბილი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო - ასეთია 2018-2019 წლის ექსპერტების პროგნოზი. იმის გათვალისწინებით, რომ შარშანდელი ზამთარი ძალიან თბილი იყო, წელს მკვეთრად აციებას არ უნდა ველოდეთ. 

როგორც წინასწარი გათვლებით გახდა ცნობილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 C-ით მაღალი დაფიქსირდება. 

წელს ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარი და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებენ.

ზოგადად საქართველოში ზამთარში საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7 C  აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2 C;

ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ,  მაღალ მთაში 200-400 მმ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ,  მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.

2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი, გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა. წლევანდელი შეხვედრა ქაიროში გაიმართა, საქართველოდან ფორუმს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესწრებოდა. 

*რუკა 1-ზე საქართველოს ტერიტორია განეკუთვნება მე-2 ზონას, რომლის თანახმად ზამთრის სეზონში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურის ალბათობები 40%-40%-ს შეადგენს.

რუკა 2-ზე საქართველოს ტერიტორია განეკუთვნება მე-2 ზონას, რომლის თანახმად ზამთრის სეზონში ნორმაზე მეტი ნალექების რაოდენობის ალბათობა 50%-ს შეადგენს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში