ღია ცის ქვეშ გასაყიდი ქაფშია, ღამით ასე ინახება - ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის კონტროლი ვერ ხერხდება

11 დეკემბერი 2018, 00:00 9993 ნახვა

ქუჩაში ღია ცის ქვეშ გასაყიდი ქაფშია, ღამით ასე ინახება - ფოტო ავტოსადგურთან, ღამის 12 საათზეა გადაღებული. თევზი, რომლის გაყიდვაც დღისით ვერ მოასწრეს,  ღია ცის ქვეშ  ისეა დატოვებული, რომ არც მღრღნელებისგან, არც კატებისგან ან სხვა ცხოველებისგან არ არის დაცული. არც პოლიეთილენის პარკით შეუფუთავთ.

დღეს დილით, შესაძლოა, თქვენ უკვე მოწესრიგებული, წყალგადავლებული დაგხვდათ და როგორც ახალი ისე შეიძენეთ. 

ამ ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და მერია უნდა აწესრიგებდეს, თუმცა სოციალური პრობლემების გამო, გარევაჭრობის სრულად აკრძალვას მერია ვერ ახერხებს. შესაბამისად, დროგამოშვებით  გარეთ დატოვებული პროდუქციის გამო აფრთხილებს და შემდეგ 500 ლარით აჯარიმებს გარემოვაჭრეებს.  ჯარიმის ამოღება სასამართლოს მეშვეობით ხდება, ამიტომ ადმინისტრირება რთული და დროში გაჭიანურებულია. 

გარემოვაჭრეები კი არაკეთილსინდისიერად ექცევიან მომხმარებლებს და ყოველგვარი ჰიგიენური წესის დაცვის გარეშე, მეორე დღის პროდუქციას, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცვლელი იყოს ჯანმრთელობისთვის  ყიდიან. 

"ჩვენ არ შეგვიძლია პროდუქციის გადაყრა ან კონფისკაცია, ვფუთავთ და მიგვაქვს საწყობში, მეორე დღეს მოდიან და მიაქვთ თავიანთი პროდუქტი, რომელიც დატოვებული აქვთ გარეთ, ღია ცის ქვეშ" - გვეუბნება ბათუმის მერიის წარმომადგენელი ინგა ჯაში. მისი ინფორმაციით, თევზის გარდა ქუჩაში ღამით მანდარინი, ყურძენი და სხვა პროდუქტებიც რჩება და ხშირი შემთხვევაა, როცა მერიას უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა და ტერიტორიის გასუფთავება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოში, რომელიც ქვეყანაში პროდუქციის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ამბობენ, რომ მათი უფლებამოსილება არაა ქუჩაში შეამოწმონ პროდუქცია. გარევაჭრობა აკრძალულია და ეს მერიამ უნდა მოაწესრიგოს. 

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ არ შეიძინონ არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება რძისა და ხორცის პროდუქციას, ასევე თევზს" - გვითხრეს სააგენტოს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში