ბოლო 9 თვეში, 16 წლამდე გოგონასთან სექსუალური კავშირის 153 შემთხვევა დაფიქსირდა

19 დეკემბერი 2018, 00:00 2841 ნახვა

საქართველოში, ბოლო 9 თვის განმავლობაში, 16 წლამდე გოგონასთან სექსუალური კავშირის 153 შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაცია შსს-მ დღეს გაასაჯაროვა. 

16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ნებაყოფლობითი მოქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ისჯება.   

სწორედ ამ მუხლით აღიძრა საქმე 153 შემთხვევაში. მათგან 105 ფაქტი 16 წლამდე ასაკის გოგოს “ცოლად შერთვის მიზნით”  ჩადენილ დანაშაულად დარეგისტრირდა. 

მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემაზე" მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაასაჯაროვა.

140-ე მუხლის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 16 შემთხვევა, მარნეულში ფიქსირდება, 9 შემთხვევა - თბილისში, 7  ფაქტი - გარდაბანში, 6 კი ბოლნისში.  5 შემთხვევა - დმანისში, ამდენივე ხულოსა და ქუთაისში.  სხვა ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია ან რიგ შემთხვევაში არ ფიქსირდება.

სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დარღვევის შემთხვევები კი ასეთია: თბილისში 8 შემთხვევა, აჭარაში - 4, კახეთში - 4, ქვემო ქართლში - 4, იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში - სამი. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს 140-ე მუხლის დარღვევის 173 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 252.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში