''ლეოგრანდის'' ტრაგედიაზე  პასუხისმგებლობა 2 პირს დაეკისრა

21 დეკემბერი 2018, 00:00 3815 ნახვა

სასტუმრო ''ლეოგრანდში'' , 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიაზე, პასუხისმგებლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ პირს დაეკისრა.

თურქეთის მოქალაქეს ფატიჰ იავუზს, რომელიც სასტუმროში ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იყო, თავისუფლება 5 წლითა და 6 თვით აღეკვეთა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით მას ეკისრებოდა. 

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, რომელიც ობიექტის საწყობის ხელმძღვანელი იყო, ის ციხეში წელიწადს და 5 თვეს გაატარებს. მოსამართლემ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ გიორგი მიქელაძემ სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა, ამიტომ მას უფრო ნაკლები, 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ხვალ კი მას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა ეწურება. ციხეში გატარებული ეს პერიოდი, პატიმრობის ვადას აკლდება.  

პროკურატურა, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ორივე დაკავებულ პირს აკისრებდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

უცნობია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება თუ არა ზემდგომ ინსტანციაში. 

სასტუმრო ''ლეოგრანდში'' ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, ტრაგედიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. პროკურატურამ დაადგინა, რომ უსაფრთხოების ზომები სასტუმროში არ იყო დაცული. სამართალდამცველებმა ორი პასუხისმგებელი პირი დააკავა. 

ხანძრის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სასტუმრომ სახელი შეიცვალა და  „ველმონდად“ გადაკეთდა. იგი ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებდა, თუმცა ყოფილი „ლეოგრანდი“ 17 აგვისტოს ხელმეორედ დაიხურა და დაილუქა. შს სამინისტროში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხი ისევ მოუგვარებელი იყო.  ადმინისტრაციამ მუშაობა შეწყვიტა და სასტუმროდან ყველა სტუმარი გაიყვანა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა იყო, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა დამონტაჟებულიყო.  

სასტუმროს მენეჯმენტმა პრობლემა ვერ გადაჭრა, ამიტომ ყოფილი "ლეოგრანდს" სტუმრების მიღება მხოლოდ 4 სართულზე და კაზინოში შეუძლია.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში