გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტზე მუშაობა იწყება - თორნიკე რიჟვაძე

28 დეკემბერი 2018, 00:00 6447 ნახვა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტზე მუშაობის დაწყება დააანონსა. მისი განცხადებით, აზიის ბანკი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ეკონომიკურ კვლევაზე დაიწყებს მუშაობას.  

საუბარია, ახალი ბულვარის გზის,  სანაპირო ზოლის პარალელურად გაგრძელებაზე, რომელიც გონიოს პოლიგონს, ჭოროხზე აგებული ხიდის მეშვეობით უნდა დაუკავშირდეს. პარალელურად განახლდა საუბარი ბულვარის პრომენადის გაგრძელებაზეც. 

"პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრს, გუშინ მხარი დაგვიჭირეს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის ბანკს დაევალოს ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის გაკეთება. შემდეგ წელს კი მომზადდება სატენდერო წინადადება და მეორე ფაზაზე გამოცხადდება მშენებლობა.  

ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ახალი განვითარების საშუალებას მისცემს ბათუმს, აჭარას და მთლიანად საქართველოს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ გასვლით სხდომაზე, რომელიც კურორტ "გოდერძიზე" გაიმართა.

გონიოს ხიდის მშენებლობის პროექტი 2012 წელსაც იყო, თუმცა მაშინ იდეა ვერ განხორციელდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი კირთაძე იხსენებს, 2012 წლის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი,  ხიდის მშენებლობის თანხა იდო და პროექტიც მზად ჰქონდათ.  

პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად  კვლევის ჩატარება დასახელდა, რადგან ჭოროხის დელტა, სადაც ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია. 

ამავე კატეგორიაში