''მედიის ადვოკატირებისთვის'' ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებებს ითხოვს

13 იანვარი 2019, 00:00 1242 ნახვა

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და მკაფიო განმარტებებს ითხოვს.

”მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა. ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში. მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად”-ნათქვამია      დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“   მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს,   ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას   ხელს შეუშლის.  საქართველოს პრეზიდენტის ფიქრობს , რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

ამავე კატეგორიაში