სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა - ენერგოომბუდსმენი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

17 იანვარი 2019, 00:00 2356 ნახვა

ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სალომე ვარდიაშვილი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" მოითხოვს. მისივე განმარტებით, თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურებიც.

''სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან'' - წერია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

''ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულურება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო'' - წერს სალომე ვარდიაშვილი. 

კომპანია ''ყაზტრანსგაზის'' წარმომადგენლებს, ამ ეტაპზე ვრცელი განცხადება არ გაუკეთებიათ.  

პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში