H1N1 ვირუსით ბავშთა ჰოსპიტალიზაციის წილი შემცირებულია, ზრდასრულთა რიცხვი კი გაზრდილი

17 იანვარი 2019, 00:00 1711 ნახვა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში შენარჩუნებულია სტაბილური მაჩვენებელი  - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, როგორც ჰოსპიტალურ ქსელში და ასევე ამბულატორიებში მიმართვიანობის სიხშირემ იკლო. 

მისივე განმარტებით ბავშთა ავადობის წილი შემცირებულია, ზრდასრულთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილია.

''ბავშვთა წილი ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში უკვე კლებადია. რეანიმაციულ განყოფილებებში რჩებიან მოქალაქეები, რომლებსაც ასევე ქრონიკული დაავადებებიც აქვთ და მკურნალობა ამ ფონზე მიმდინარეობს. მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ანტივირუსული მკურნალობის მიზნით დაენიშნათ ‘’ტამიფლუ'', აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში მედიკამენტს უფასოდ ღებულობენ. მსგავსი პაციენტების რიცხვმა ხუთას გადააჭარბა. სხვა მოქალაქეებს კი, მედიკამენტი სააფთიაქო ქსელიდან,  რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში უსასყიდლოდ გადაეცემათ'' - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. 

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 200-მდე პაციენტი რჩება. დაახლოებით 20 მოქალაქე კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული. 11 იანვრის შემდეგ მონაცემები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

ამავე კატეგორიაში