ბათუმში საჭიროა იმ გაზგაყვანილობების დემონტაჟი, რომელიც არასწორადაა გაკეთებული - ექსპერტი

18 იანვარი 2019, 00:00 1732 ნახვა

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ჩხეიძე ამბობს, რომ აუცილებელია მთელს ქალაქში იმ გაზგაყვანილობების დემონტაჟი განხორციელდეს, რომელიც არასწორადაა გაკეთებული. მისივე რეკომენდაციით, ასევე საჭიროა ზედამხედველობის სამსახურის შექმნა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. 

''ლაპარაკია იმაზე, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს, როგორ უნდა გამკაცრდეს, როცა არ არის ზედამხედველობის სამსახური? გაზის და ენერგეტიკის წყაროებს ზედამხედველობას წლების წინ, ერთი სამსახური უწევდა. ახლა აღარ არის ეს ორგანიზაცია. ამ ეტაპზე მუშაობს სამსახური, რომელიც აკონტროლებს  მხოლოდ მაგისტრალურ გაყვანილობას. ოჯახებსა და სახლებში მიყვანილი ბუნებრივი აირის ზედამხედველობა კი არ ხორციელდება. ბათუმში ამ კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ამაზე დაახლოებით ათი წლის წინაც ვსაუბრობდი, როცა ქალაქში გაზიფიცირება დაიწყეს'' - განაცხადა ნოდარ ჩხეიძემ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, ბუნებრივი აირის ოდორიზაციას ეხებოდა. (ოდორიზაცია ეს არის სისტემაში ოდორანტის შეშვება, რის შემდეგაც გაზსს სპეციფიკური სუნი აქვს.)

''დღევანდელი გაზს სუნი არ აქვს. ​ოდორიზაციას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ძვირია. მათ შემოსავალი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის ჯანმრთელობა. ასევე სადარბაზოებში არ შეიძლება გაზგაყვანილობა, ჩემს სახლშიც ასე გააკეთეს. მესმის ყველას სჭირდება კომფორტი, მაგრამ რის ხარჯზე. კორპუსში მხოლოდ მე ვიყავი, რომელიც პროტესტს ვაცხადებდი, მაინც გააკეთეს. კიდევ ერთი პრობლემა, არ შეიძლება გაყვანილობის გაკეთება კიბის უჯრედში, რადგან ის ევაკუაციის დროს ხალხის გაყვანის ერთ-ერთი საშუალებაა. ვთქვათ აფეთქდა რაღაც, ცეცხლი გაჩნდა კიბის უჯრედში, მაშინ რაღა ვქნათ'' - თქვა მაუწყებლის ეთერში ნოდარ ჩხეიძემ. 

ის გაზის კომპანიებსაც მიმართავს და ამბობს, რომ ორგანიზაციაში დილეტანტიზმი უნდა მოისპოს, საქმე კი პროფესიონალებმა უნდა აკეთონ.  

ამავე კატეგორიაში