''დიდ დიღომში დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა'' -  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება 

18 იანვარი 2019, 00:00 2104 ნახვა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია ადასტურებს რომ 16 იანვარს დიდი დიღომიდან ცხელ ხაზზე  ორი შეტყობინება შევიდა, თუმცა ოპერატიულმა ჯგუფმა ადგილზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი ვერ დააფიქსირა.

''შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე მოქალაქის გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. 

საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით  შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500”-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ მათთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

'' გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ჩაბარებულ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანაზეც აკეთებს განმარტებებს.

''რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს -  განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.''

ამავე კატეგორიაში