''ბასიანსა'' და ''მტკვარზე'' ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ 7 და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

18 იანვარი 2019, 00:00 1544 ნახვა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულები თ.ჩ.და გ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ყიდდნენ. 

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ჩ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 28 აპრილს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე, ხოლო ნაწილი დიღმის მასივის ტერიტორიაზე იმავე მოქალაქეს მიყიდა

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდებულს,  გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი ტაბლეტები 2018 წლის 5 მაისს უკანონოდ შეიძინა და ​თბილისში მდებარე ღამის კლუბში „მტკვარზე“ უკანონოდ გაყიდა.  

''თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. ასევე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' სპეცოპერაცია 12 მაისს  ჩაატარა. 

ამავე კატეგორიაში