არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა

23 იანვარი 2019, 00:00 2980 ნახვა

საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი გაზრდილია. მშობიარობის ამ მეთოდს ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი ირჩევს. არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. აქ ყოველი 10 ორსულიდან 4 ოპერაციას იკეთებს.

​აჭარაში მოქმედი სამშობიარო კლინიკების ექიმი არ უარყოფენ, რომ ხშირად დედები თავად ირჩევენ საკეისრო კვეთას და ოპერაცია ჩვენების გარეშეც ტარდება. ამას კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

საკეისრო კვეთის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო, ყოველწლიურად ჯარიმდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია. სანქციები 2017 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.

გადაჭარბება ფიქსირდებოდა შარშან აჭარაშიც. სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კლინიკა დასაშვებ მაჩვენებელზე მეტი შემთხვევის გამო დააჯარიმა, თუმცა არის თუ არა ამ ეტაპზე რეგიონში მოქმედი ცენტრები, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 

მარინა დარახველიძე აცხადებს, რომ ​39 კვირამდე და პირველადი საკეისრო მაჩვენებლების წილი დასაშვებზე ბევრად მაღალია და საჯარიმო სანქციებს ამიტომ იყენებენ.

საკეისრო კვეთის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეან-გინეკოლოგი და ასევე ორსული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მდგომარეობის გართულების გამო, ფიზიოლოგიურ მშობიარობას ბოლო მომენტში საკეისრო კვეთით ანაცვლებენ. 

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ორსულების მოსამზადებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. მშობიარობის  უპირატესობის შესახებ ინფორმაციასაც აწვდიან, ფსიქოლოგები მუშაობენ, მოქმედებს დედების სკოლაც. 

ლევან ქორიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემა ''იმპულსში'' თქვა, რომ როდესაც სამედიცინო ჩვენება არ არის უმჯობესია ორსულმა ფიზიოლოგიური გზით იმშობიაროს.

​''ზოგადად საკეისრო კევეთების მაჩვენებლი მთლიანად მსოფლიოში მომატებულია. საქართველოში განმეორებით საკეისრო კვეთებზე მოდის დიდი წილი. ოპერაცია არის უხეში ჩარევა ბუნებრივ პროცესში. უნდა გაითვალისწინოს ყველა ორსულმა, რომ მშობიარობა ეს არ არის ავადობა და ეს არ არის მხოლოდ ტკივილი. ეს ფიზიოლოგიური პროცესია. თუ კი ყველაფერი მიდის ნორმალურად არც დედისთვის და არც ნაყოფისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საკეისრო კვეთის დროს ბავშვი თითქოს მარტივად იბადება თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სიმარტივეც არ ყოფილა სასარგებლო ახალშობილისთვის'' - განაცხადა ეთერში მეან-გინეკოლოგმა ლევან ქორიძემ.  

დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2017 წელს საქართველოში 52 660 მშობიარობა იყო, აქედან 23 471 შემთხევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. 

საკეისრო კვეთა - მშობიარე ქალის არჩევანი თუ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობა? - აღნიშნულ თემაზე, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალა, 8 იანვარს მოამზადა. 

საკეისრო კვეთა თუ ფიზიოლოგიური მშობიარობა - მედიცინის დოქტორის ლევან ქორიძის რეკომენდაციები

ფოტო: სოციალური ქსელიდან

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში