რუსეთთან ურთიერთობა, სასამართლო სისტემა, მედიაგამოწვევები - ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ს ელჩთან როს უილსონთან

27 იანვარი 2019, 00:00 1955 ნახვა

 

ელჩო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენი შეთავაზება და საშუალება გვაქვს მოვისმინოთ შეფასებები, საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-საბრძოლო ხომალდი იმყოფება ამ დღეებში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში, როგორია საქართველოს როლი  შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების კონტექსტში?

 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევძელით დავხვედროდით „დონალდ კუკის“ შემოსვლას ბათუმის პორტში. სასიხარულოა ისიც,  რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შემოუერთდა გემის დახვედრის საზეიმო ცერემონიას.  ეს ნათლად მიანიშნებს, თუ როგორია  თანამშრომლობა სამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ვიზიტი უჩვენებს აშშ-ს დაინტერესებას შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემებით და ასევე სურვილს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდეს. ხოლო, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთანაც. 

 

ბატონო უილსონ, აშშ-ის ყველაზე დიდი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით სჭირდება და ამ მხარდაჭერას უკვე ათეული წლებია ვგრძნობთ კიდეც. რუსეთის პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რჩება ქვეყნის  მთავარ გამოწვევად. ამ ფონზე როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მომავალი?

 

უპირველესად ვიტყვი, რომ  აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში ძალიან მტკიცეა.  აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. 


ცხადია, ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხისათვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გადაილახოს. ამის გადააზრება მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და ყველასთვის კავკასიის რეგიონში. მათთვის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს, მშვიდობიანად, სტაბილურად და ჰარმონიულად.  და ამ კონფლიქტის მოგვარება, ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში. 

 

ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან ფართო დისკუსიაა გახსნილი ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში. რაში ხედავთ გამოსავალს - როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ინსტიტუციის გაჯანსაღება და მისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვება?

 

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, აშშ  მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის სრულყოფას, მის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა გატარდა.  ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ცდილობს დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, როცა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებაა და მის ნაწილად გახდომის სურვილი, როცა საქართველო ცდილობს შექმნას ღია, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოება.  

ამრიგად ჩვენ მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში. დრო გვიჩვენებს რა პროგრესი ექნება საქართველოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის. 

 

საზოგადოებამ სამართლიანი მიდგომების აუცილებლობა არაერთხელ შეახსენა ხელისუფლებას და პროკურატურას სხვადასხვა ფორმით - ქუჩის აქციები, პროტესტი, გამოსვლები... არაერთი საქმის გამოძიების მიმართ არსებობს უნდობლობა, არსებობს გამორჩეული საქმეებიც - მაგალითად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე... რა აკლია დღეს საქართველოს პროკურატურას იმისათვის, რომ ამ უწყების მიმართ საზოგადოებაში არ არსებობდეს ამდენი კრიტიკული კითხვა?

 

ვფიქრობ, პროკურატურის როლი, ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან რთულია და ბევრ გამოწვევას უკავშირდება.  პროკურატურის  მოვალეობაა კანონის აღსრულება, საზოგადოების და ადამიანების დაცვა.  საქართველოშიც ეს არის პროკურატურის საქმე - ხალხის დაცვა კრიმინალისაგან და სხვადასხვა სახის  საფრთხისაგან. მაგრამ ამავე დროს, არის იმგვარი საკითხებიც,  თქვენ რომ ახსენეთ - როცა ხალხი  ფიქრობს, რომ სათანადო ნაბიჯებია გადასადგმელი საზოგადოების დასაცავად.  
მე უკვე ვისაუბრე სასამართლო სისტემის მხარდაჭერაზე და გეტყვით რომ, წლების განმავლობაში, ჩვენ საგანგებო პროგრამები გვქონდა საქართველოს პროკურატურის მხარდასაჭერადაც. გვინდა, რომ  გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, მეტად გამჭვირვალე იყოს  და ცვლილებებს  მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებაში. დაბოლოს, კვლავ გავიმეორებ რითიც დავიწყე - ძალიან რთულია, რომ ერთი მხრივ გიწევდეს კანონის აღსრულება და მეორე მხრივ,  სამართლიანი ჩანდე ყველა მხარეს მხრიდან,  ვინც შესაძლოა,თავად იყოს ამ პროცესების მონაწილე. 

 

ძალიან მძიმე სამი თვე გაიარა საქართველომ. ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს. როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიანიშნებენ, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით,  ეს იყო ყველაზე დიდი აგრესიითა და ურთიერთბრალდებებით გამორჩეული პერიოდი. თქვენ რა რეალობა დაგანახათ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებმა?

 

საქართველოში ისეთ დროს ჩამოვედი, რომ სწორედ   ამ პროცესების შუაგულში აღმოვჩნდი. გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, როცა შემეძლო ხელახლა გავცნობოდი საქართველოს.  არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა,  ასევე რამდენიმე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ, და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს  დაკვირვების შედეგებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.  ეუთოს საბოლოო დასკვნა თებერვალში იქნება და მასში ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე შევა რეკომენდაციები. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ და დაბეჯითებით ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები,  განიხილოს რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ამომრჩეველებს სამომავლოდ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეთ საარჩევნო სისტემის მიმართ, გაიხსნას სივრცე პოლიტიკური მრავალხმიანობისათვის. ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. 

 

გამოსავალს იმ ვითარებიდან, რომელიც არსებობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და გაჯანსაღებაში ხედავს. არაერთი შეხვედრა გქონდათ მათთან და ფლობთ ინფორმაციას. თქვენ თუ ხედავთ ცვლილებების საჭიროებას?

 

მე ალბათ, დავეყრდნობი იმ დასკვნას, რომელსაც ეუთო თებერვალში წარმოადგენს.  მოგეხსენებათ, ეუთოს წინასწარი დასკვნა სხვადასხვა საკითხს და პრობლემას მოიცავდა და მათ შორის იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო გადამხდელთა  რესურსების გამოყენება.  იყო ასევე, ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები. ეუთოს მოხსენებაში საუბარია სიძულვილის ენაზე საარჩევნო პროცესში  და მსგავს რიტორიკაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან.   სწორედ ამ საკითხების მოგვარება და გადაწყვეტაა საჭირო,  რადგან საარჩევნო სისტემისადმი ნდობა უაღესად მნიშვნელოვანია. და  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ,  როცა საქართველო მიისწრაფის  ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი გახდეს, წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. როგორც მივხვდი, თქვენს შეკითხვაში ისიც იგულისხმებოდა, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ნაწილობრივი მაჟორიტარული სისტემიდან, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე...

დიახ, დიახ...

ამასთან დაკავშირებით აშშ-ს არ აქვს ზუსტი პოზიცია. რა თქმა უნდა, არსებობს არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ასე, ან, თუ რატომ არ უნდა იყოს... თუმცა, მთავარი აქ არის სისტემის გაჯანსაღება და გაუმჯობესება, რათა მას საზოგადოება ენდობოდეს. სისტემისა, რომლის მიხედვითაც დემოკრატია იმუშავებს, კარგი მმართველობის შესაძლებლობა იქნება და სამართლიანი საზოგადოების არსებობის პირობები შეიქმნება. 

 

ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ძალიან დიდი როლი ეკისრება მედიას. როგორ შეაფასებთ მედიაპლურალიზმსა და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში?

 

 

ცხადია, მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიაში და განსაკუთრებით აქ, საქართველოში. ამიტომაც  ძალიან მიხარია, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში ვიმყოფები... ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის ამბავი, რომ საქართველოში არსებობს მედიამრავალფეროვნება და განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.  ეს ძალიან განსხვავდება იმ გამოცდილებისაგან რაც ჩემი კარიერის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში შემხვედრია,  განსაკუთრებით სამჭოთა კავშირში მუშაობისას ცივი ომის დროს.  იქ, მაშინ ცხადია, არ ისმოდა განსხვავებული ხმები. 


მე ქართული არ ვიცი და პირადად ვერ შევაფასებ, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან განსხვავებული  მოსაზრებები მოისმინონ, განსაკუთრებით - ტელევიზიიდან. ზოგ მედიასაშუალებას შესაძლოა, პოლიტიკური ნიშანი ჰქონდეს, ზოგი უფრო დამოუკიდებელია... მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს, რომ საქართველოში იყოს მოსაზრებების, ხედვისა და იდეების მრავალფეროვნება და რომ ეს, ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის იყოს  ხელმისაწვდომი.       

 

საქართველოს ხელისუფლებამ „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივაზე დაიწყო საუბარი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მკაფიოდ არეგულირებს. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას?

 

 

საკმარისად კარგად არ ვიცი, რას გულისხმობს  საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტული  ნაწილები,  მაგრამ გაგიზიარებთ ჩვენს  გამოცდილებას, ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ჩემი აზრით, საინტერესო იქნება საქართველოსთვის.   ამერიკის გამოცდილება მედიის თავისუფლების შესახებ, განსხვავდება ევროპულისგან. ჩვენი კანონების მიხედვით, თითქმის  შეუძლებელია  ვინმეს  პასუხისმგებლობაში მიცემა, საჯარო პირებისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისა  თუ ცილისწამების გამო. ჩვენ უდიდეს მნშვნელობას ვანიჭებთ სიტყვის  თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში. 

ევროპული გამოცდილება კი ცოტა განსხვავებულია. ევროპელები ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ცილისწამებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სივრცე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში დამკვიდრებული  პრაქტიკისაგან.  ამდენად, ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვინც საქართველოში  ვიმყოფებით და ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ,  შესაძლოა, განსხვავებული რეკომნდაციები გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.  

მაგრამ მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ. ყურადღებით უნდა განიხილონ, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის  მოდელი საქართველოს, მისი ისტორიისა და პოლიტიკური პაექრობის ტრადიციის გათვალისწინებით. როგორ იქნება ეს კანონები გამოყენებული  პრაქტიკაში. 
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში,  როცა ქვეყანა, ხშირად არის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე. ეს დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ, გარეშე ძალების მხრიდან, და მე ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული  ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას.  

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ, საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ნამდვილად  დასაფასებელია. იგი ძირეულად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც 30 წლის წინათ იყო. განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს. ეს საქართველოს მთავარი ღირებულებაა და იმედი გვაქვს, რომ როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას  აუცილებლად გაითვალისწინებს.  

 

საინფორმაციო ომი, რბილი ძალის შეტევა ქვეყანაზე მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის კონტექსტში. რა მიმართულებით უნდა გაძლერდეს მუშაობა ამ შეტევის მოსაგერიებლად?

 

ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო  რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი.  ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი  შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ  რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება. 
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და  ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები. 

 

მიმდინარე კვირას საქართველოში დეცენტრალიზაციის მოდელის განხილვა მუნიციპალიტეტებში შეხვედრებით და დისკუსიებით დაიწყო. თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულ. ინტერესს გამოხატავს ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაძლიერდნენ რეგიონული თვითმმართველობები, რათა სწორად წარიმართოს დეცენტრალიზაციის პროცესი და მივიღოთ რეალური დამოუკიდებელი თვითმმართველობა?

 

თქვენი შეკითხვა კონკრეტულ ამბავს შეეხება, მე სულ რამდენიმე თვეა, რაც თქვენს ქვეყანაში ვიმყოფები და ეს საკითხები დეტალურად არ ვიცი.  ზოგადად კი,  ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია   არსებობდეს ბალანსი ცენტრალურ ხელისუფლებასა  და ადგილობრივ მმართველობას შორის, პასუხისმგებლობა კი, ნაწილდებოდეს. ადგილობრივი ხელისუფლება უკეთ ხედავს ხალხის პრობლემებს და უკეთ ესმის მათი ხმა, ვიდრე მას, ვინც საკმაოდ შორს იმყოფება. ჩვენ ამერიკაში გვაქვს ფედერალური სისტემა, რომელიც უნიკალურია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული,  თუმცა აქაც მნიშვნელოვანია დაბალანსება და დათმობებზე წასვლა - ძლიერ ეფექტურ ცენტრალურ მმართველობასა და რეგიონულს შორის, ვისაც უშუალოდ აკისრია  პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ მოსახლეობას მოუტანოს შედეგი.   ძალიან კარგია, რომ ხალხი საქართველოში დეცენტრალიზაციაზე საუბრობს - ეს უნდა გაგრძელდეს.  ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ პროცესს, მას მხარს უჭერენ ევროპელი მეგობრებიც, რომელთაც სხვაგვარი გამოცდილება აქვთ და შესაძლოა,საქართველოსთვის უფრო მეტად გამოსადეგიც. 

 

ბოლოს რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რა არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა და მთავარი მიღწევა?

 

საქართველოში პირველად, თითქმის 40 წლის წინ ჩამოვედი და ცხადია, ეს ადგილი ნამდვილად განსხვავებული იყო. ქვეყანაში სხვაგვარი მმართველობა იყო, სხვაგვარი ეკონომიკა, ხალხი სულ სხვანაირად ცხოვრობდა - მცირე შესაძლებლობებით, გარესამყაროსგან იზოლირებული, ჩაკეტილი საზოგადოებით და სისტემით. მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ თავისუფალი საზოგადოება შეექმნა, გაეფართოვებინა  შესაძლებლობები საკუთარი მოქალაქეებისათვის, გაეხსნა კავშირი  დანარჩენ სამყაროსთან. თქვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, უკეთ მოეხსენება რამდენი აღმართ-დაღმართი იყო ამ პროცესში,    მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიმართულება - რაღაც ახლისა და განსხვავებულის შენება. იმისა,  რაც ასე გამოარჩევს საქართველოს სხვა ქვეყნებისაგან ამ რეგიონში. 
ეს ნამდვილად არის საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თვალში. საქართველოს არა აქვს ბირთვული იარაღი, არ ჰყავს დიდი დიასპორა საზღვარგარეთ, არა აქვს ნავთობი... მაგრამ  მას აქვს იმ ქვეყნის რეპუტაცია,  რომელიც დემოკრატიულ, სამართლიან და ღია საზოგადოებას აშენებს და  რომელიც მთელ დანარჩენ სამყაროსთან არის დაკავშირებული. 

საქართველოს მთავარი გამოწვევა კი ის არის, რაც სხვა ქვეყნებისა ამ რეგიონში და თუნდაც, მთელ მსოფლიოში, ეს არის - კარგი მმართველობა, მოსახლეობის კეთილდღეობა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით საქართველო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მისი ტერიტორიები ოკუპირებულია და სხვა სახის ზეწოლასაც განიცდის უცხო ქვეყნისაგან. 

საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და მას აქვს ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა, გარე ძალების ზეწოლის გამო. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ საქართველოს პარტნიორია, რომ ჩართულია ამ ქვეყნის ინსტიტუციების განმტკიცებაში, რომ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანას წარმატება ჰქონდეს, ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის მთავრობას ჰქონდეს წარმატება. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მეტი კეთილდღეობა იყოს და კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, სამართლიანი და  ღია საზოგადოება. 

 

ამავე კატეგორიაში