მილიონი რუსეთის ნაცვლად საქართველოში დარჩეს - მეფუტკრეების პროტესტი სახელმწიფოს

30 იანვარი 2019, 00:00 2189 ნახვა

თაფლის  მწარმოებლები ითხოვენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შს სამინისტროს რუსულის ნაცვლად ქართული თაფლი მიაწოდოს - ამ განცხადებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საქართველოს მეფუტკრეობის ბიზნესასოციაცია აკეთებს. 

ქართველი თაფლის მწარმოებლები მწვავე განცხადებები შს სამინისტროს ტენდერს მოჰყვა. უფრო კონკრეტულად  კი იმ ფაქტს, რომ კონსოლიდირებული ტენდერის პრეტენდენტმა (ამ ეტაპზე ის გამარჯვებულად არ არის გამოცხადებული ავტ.)  შპს"ვიტის"  წარმომადგენლებმა დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ  სამინისტროს 73 200 კილოგრამ ნატურალურ თაფლს  1  024 800 ლარად რუსეთიდან ჩამოუტანდა, კილოს 14 ლარად.  

მეფუტკრეებს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით  ეჭვები და პრეტენზიები აქვთ: 

1. ამტკიცებენ, რომ ტენდერი საძიებო სისტემაში თაფლის კატეგორიით არ იძებნებოდა და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ინფორმაცია შეგნებულად დაიფარა. 

2.  ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ თაფლის მომწოდებელ კომპანიას, ბოლო ერთ წელში, 400 ათასი ლარის ბრუნვა უნდა ჰქონოდა, ქართველი თაფლის მწარმოებლების  ჩამოშორების მცდელობა იყო, რადგან თაფლის რეალიზაციით ერთ მწარმოებელს  საქართველოში ამხელა ბრუნვა არ აქვს. 

მანანა ბოლქვაძე აჭარაში თაფლს აწარმოებს, აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ ისინი დაინტერესებულები არიან თაფლის რეალიზაციით და მათ მილიონიანი შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ ყოველდღიურად ამოწმებდნენ საძიებო სისტემაში. 

"თაფლის კატეგორიაში არ იძებნებოდა აღნიშნული ტენდერი, როგორც გაირკვა ხორბლის კატეგორიაში იყო, ამიტომ ვერ გავიგეთ მის შესახებ. ჩვეულებრივ არ ჩანდა, რომ თაფლთან დაკავშირებითაც იყო ტენდერი,  თორე "მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია" მარტო აჭარაში შევაგროვებდით ამ რაოდენობას. იმერეთში შეგროვდებოდა, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობის თაფლი გვაქვს ქართველ მწარმოებლებს გასული წლიდან დაგროვებული. ამასთან, ტენდერში 1 კილოგრამი თაფლის ყველაზე დაბალი ფასი 14 ლარი დაფიქსირდა, მაშინ როცა ჩვენ საბითუმო ფასი 10-12 ლარი გვაქვს. ჩვენ გვაქვს კითხვები - რატო არ გავრცელდა ინფორმაცია, თუ სახელმწიფო ასეთი რაოდენობის თაფლის შესყიდვას გეგმავდა? რატო არავის არ ჰქონდა წვდომა ამ ტენდერთან? რა თქმა უნდა ვაპროტესტებთ, ოღონდ შევიმუშავებთ პეტიციას, მივმართავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტს, პრემიერ მინისტრს..ჩვენ შეგვიძლია გაცილებით დაბალ ფასად შევთავაზოთ ქართული პროდუქტი  და არ ვიყიდოთ ოკუპირებული რუსეთიდან შემოტანილი გაცილებით ძვირი და ნაკლებხარისხიანი პროდუქტი" - გვითხრა მანანა ბოლქვაძემ. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კი ამტკიცებენ, რომ ტენდერი თავიდანვე იყო გამოცხადებული ისე, რომ თაფლის კატეგორიაში მისი ძიება შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება. მეფუტკრეები აბობენ, რომ კატეგორიის ცვლილება  ორი დღის წინ შევიდა. 

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტის - ნატურალური თაფლის, შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი - კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორში კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე" - წერია უწყების განცხადებაში.  

აჭარის მაუწყებელმა გადაამოწმა და ამ დროისთვის თაფლის კატეგორიით იძებნება ტენდერი, მანამდე შემოწმების საშუალება არ გვქონდა. 

ქართველმა თაფლის მწარმოებლებმა  დღეს ინფორმაცია გაავრცელეს, რომ სურთ შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა არ შედგა, უწყებაში თქვეს, რომ ასეთ შეხვედრა არ ყოფილა ჩანიშნული და არც შესყიდვების სამსახური უფროსი იმყოფებოდა ქვეყანაში. 

მეფუტკრეობის ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო  პაპავა კი აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ ყველა უწყებისგან მოითხოვს მოლაპარაკებები შედგეს და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქართული თაფლი მიაწოდოს შს სამინისტროს რუსული პროდუქციის ნაცვლად.  

"ტენდერის გაუქმების სურვილი არა გვაქვს, ჩვენ გვინდა კომპანიამ რომელიც მონაწილეობას მიიღებს და გაიმარჯვებს ტენდერში  შეისყიდოს ქართული თაფლი. ჯერ ერთი, რუსულ კომპანიაზე მიდის საუბარი და რუსული თაფლის შემოტანაზე, ამდენი თანხა იდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრეობის განვითარებისთვის და ისე, როგორ განვითარდება თუ  არ გაყიდა მეფუტკრემ თაფლი?  როცა ​სახელმწიფოს მილიონი ლარის ღირებულების თაფლი უნდა, ეს თანხა რუსეთში კი არ უნდა წავიდეს, პირიქით საქართველოში დაბრუნდეს და ისევ ჩვენს მეფუტკრეებს მოხმარდეს" - ამბობს ალეკო პაპავა.  

ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გამოცხადდება, უცნობია გაიმარჯვებს თუ არა შპს "ვიტი", რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შესყიდვების სამსახურს .  ამ ეტაპზე რუსეთიდან შემ​ოსატანი თაფლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარუდგინოს სატენდერო კომისიას. 

კომპანიის წარმომადგენელი იუზა ჯოგლიძეა, რომელმაც შესყიდვების სამსახურს 400 ათასი ლარის ბრუნვის დოკუმენტები აუტვირთა, საიდანაც ჩანს, რომ აღნიშნული კომპანია ბოსტნეულის და სხვა ტიპის პროდუქტების ყიდვა გაყიდვით არის დაკავებული. 

ამავე კატეგორიაში