დაანგრევენ თუ არა ე.წ. ლუჟკოვის სახლს, შპს ''ალიანსი'' სასტუმრო კომპლექსის აგებას გეგმავს

31 იანვარი 2019, 00:00 7652 ნახვა

ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერია და საკრებულო მსჯელობს.  საკრებულოს წევრებმა დღეს უნდა გადაწყვიტონ, მისცემენ თუ არა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარების დავალებას "ალიანს -სიტის". 

პროცედურის მიხედვით, კომპანიამ დავალების მიღების შემთხვევაში უნდა გააკეთოს ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და წარადგინოს პროექტი. 

მერიის განაცხადის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია ტერიტორიაზე გეგმავს ძველი შენობის დემონტაჟს, სანაცვლოდ კი სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობას. უცნობია რა სიმაღლის იქნება შენობა, თუმცა "ალიანს სიტის" შენობები გამოირჩევა მაღალსართულიანობით

იგეგმება ზონის შეცვლაც, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, მერია გეგმავს იგი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით შეცვალოს.   

"ეს ტერიტორია განეკუთვნება საცხოვრებელ ზონას, სადაც დასაშვებია ამ ზონისთვის შესაბამისი შენობა ნაგებობების განთავსება.  საკრებულოს განკარგულების პროექტის მიღების მიზანია დამტკიცდეს გენგეგმარებითი დავალება, რაც გულისხმობს არსებულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადებით განვითარებას. არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟს და ტერიტორიაზე თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის სასტუმროს აპარტამენტების საცურაო აუზის ლაუნჯის, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების, სპორტული ობიექტების დაპროექტებას. მიწისქვეშა სივრცეში კი დაგეგმილია 450 მანქანაზე ავტოსადგომის მოწყობა" - წერია მერიის პროექტში, რომელიც დეპუტატებს წარუდგინეს.

თანხმობის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაწყება და,  სავარაუდოდ, 2023 წელს დასრულება. მერიის არქიტექტურული სამსახური დოკუმენტში წერს, რომ ტერიტორიაზე დასაქმდება 500 კაცი, ინვესტორი კი 250 მილიონის დახარჯვას გეგმავს. 

"მშენებლობა ფუნქციურად შეესაბამება საზოგადოებრივ საქმიან ზონას, და ზონის ცვლილების შესახებ განცხადება გაკეთებულია" - წერია დოკუმენტში. 

გეერგეს დამუშავებაზე თანხმობა გაცემულია მიწის ნაკვეთის და შენობის დღევანდელი მეპატრონის მიერ. საკითხი ჯერ კენჭისყრაზე არ გასულა. 

ე.წ. ლუჟკოვის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ ალსან აბაშიძის მმართველობის დროს დაიწყო, მშენებლობა ზღვისპირზე დასრულებული იყო, თუმცა იგი წლებია  უ​ფუნქციოა და სამშენებლო ჯებირებით არის შემოსაზღვრული. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში