კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფის გაზრდას ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს

31 იანვარი 2019, 00:00 1310 ნახვა

''სოკარ-ჯორჯია გაზის" გადაწყვეტილებას, რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს.

ენერგოომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ კომპანიის მიერ მოყვანილი არგუმენტები არასაკმარისია. გადაწყვეტილება კი ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

''სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას. აღსანიშნავია, რომ სოკარ ჯორჯია გაზი ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ ადგენს, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს.

ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმიანობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფების დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით.

ამავე კატეგორიაში