ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან ორს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეეფარდა

02 თებერვალი 2019, 00:00 2539 ნახვა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან აღკვეთის ღონისძიებად დღეს ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამ წუთებში კი დანარჩენი 8 პირის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო გირაო მაია ბერიძეს- 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს, ანი აროშიძეს და ნონა ჟორჟაძეს 2 000- ლარიანი, თენგიზ ირემაძესა და ირაკლი ქასრაშვილს - 3000-ლარიანი, გიორგი გასვიანს კი - 1 500-ლარიანი. სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში