დატოვებს თუ არა ქვეყანას ევროპის ჩემპიონი?

04 თებერვალი 2019, 00:00 1585 ნახვა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. გუშინ, დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თქვა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ურთულესი არჩევანის წინაშეა: ან კარიერა  დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელოს ასპარეზობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ხაბარელის თქმით, საკითხი აღმასკომმა , კოლექტივმა და  ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს.

2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში სპორტსმენები და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, რასაც მასობრივი ჩხუბი მოყვა. დაპირისპირების შემდეგ ნაკრების კაპიტანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა სადაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას ითხოვდა.

19 იანვარს კი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში  ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში