ქობულეთელები დაზიანებული ატრაქციონების აღებას ან გამოცვლას ითხოვენ

04 თებერვალი 2019, 00:00 2324 ნახვა

ქობულეთში მრავალსართულიან სახლებთან და სკვერებში 21 ატრაქციონი და 24 ტრენაჟორია განთავსებული. მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია. ​''დაზიანების გამო ბავშვებიც ხშირად შავდებიან და ამიტომ არ ვიყენებთ სასრიალოებს“, – ამბობს რუსთაველის ქუჩის მცხოვრები მაია ფიფია.

მარინა ბერიძე ორი შვილის დედაა და ფიქრობს, რომ მერიისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვების განვითარება: „გასართობი ცენტრებით და თეატრებით განებივრებულები არ ვართ. ერთადერთი ატრაქციონებით ვსარგებლობდით, რომელიც ახლა გატეხილი და დაზიანებულია, ბავშვები ითხოვენ საქანელაზე გართობას, მშობლებს უარის თქმა გვიწევს, რაზეც ღიზიანდებიან. კარგი იქნება ადგილობრივმა მთავრობამ მინიმუმ არსებული შეაკეთოს, ახალზე აღარაფერს ვამბობ“.

ქობულეთში ატრაქციონების გარდა, მწყობრიდანაა გამოსული ტრენაჟორებიც, რომლებიც 2004  წელს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის დაიდგა.

გია ჯაფარიძე გვეუბნება, რომ 10 წელია სარგებლობს ტრენაჟორებით. „დილაობით ზღვის სანაპიროზე გამოვდივარ და ვვარჯიშობ, ხელს ტრენაჟორები მიწყობდა, მაგრამ ზოგი ისეა გატეხილი შეკეთებას აღარ ექვემდებარება“.

მოქალაქეები დაზიანებული ინვენტარის ჩანაცვლებას ითხოვენ, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან პატარებს და ამახინჯებს ეზოების იერსახეს.  

ქობულეთის მერიას  წელს ბიუჯეტში ატრაქციონების და ტრენაჟორების შესაძენად თანხა არ უდევს. მერის ყოფილი პირველი მოადგილე (იგი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს ავტ.) სულხან მოწყობილი ამბობს, რომ ამ ტიპის ინვენტარის ყიდვა ახალ პროექტებშია ჩადებული.

„ქობულეთის ახალი ბულვარისა და სკვერის პროექტშია  გათვალისწინებული გასართობი კონსტრუქციები. აღმაშენებლის 610 ნომრის მოპირდაპირედ კომპლექსურ სკვერს ვაკეთებთ, სადაც მინი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონი მოწყობა“ - განგვიმარტა სულხან მოწყობილმა.

დამატებით გვითხრა, რომ ეზოებში იმ შემთხვევაში გამოიცვლება ატრაქციონები, თუ მუნიციპალიტეტს ეკონომიების სახით თანხა დარჩება.

„ბიუჯეტის დაგეგმარების დროს, ასეთ დაბალთანხიან ღონისძიებებს ჩვენ არ ვითვალისწინებთ. კვარტლის ბოლოს გვეცოდინება რამდენი ეკონომია გვაქვს ბიუჯეტში და მის ხარჯზე დავგეგმავთ“ – გვითხრა ქობულეთის მერის ყოფილმა პირველმა მოადგილემ. ამტკიცებს, რომ ახლა ხვდებიან მოქალაქეებს სოფლებში და სამომავლოდ პრიორიტეტებში ჩასვამენ შეხვედრების დროს დაფიქსირებულ საჭიროებებს.

რაც შეეხება ატრაქციონების დემონტაჟს ან შეკეთებას, ამ სამუშაოებს ა(ი)პი „ქობულეთს გამწვანება“ ახორციელებს, რომელსაც სამუშაოებისთვის 8 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „გაზაფხულის დასაწყისში ვიწყებთ აღდგენით/შეკეთებით სამუშაოებს. ვღებავთ და ვარემონტებთ. არის შემთხვევები, როდესაც დემონტაჟს ვაკეთებთ, რადგან შეკეთებას არ ექვემდებარება. ზაფხულის სეზონზე გვემატება თანხა და სულ ათი ათასი ლარ გვაქვს ტრენაჟორებისა და ატრაქციონების მოვლა პარტონობისთვის“ -  ამბობს ა(ი)პი „ქობულეთის გამწვანების“ დირექტორმა ზვიად რომანაძემ.  

 

ავტორი ლოლა ტომასიანი |სტაჟიორი|

ამავე კატეგორიაში