ბათუმელები ითხოვენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პორტში ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაიცეს

05 თებერვალი 2019, 00:00 2286 ნახვა

"ძველი ბულვარის დამცველებმა" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა  ლაშა კომახიძეს საჯარო წერილი გაუგზავნეს, სადაც სთხოვენ პორტში ტერმინალის  მშენებლობაზე ნებართვა მანამდე არ გაიცეს, ვირდე არ ექნებათ ბათუმელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და არ მოხდება ამ პროცესში საზოგადოების ჩართვა. 

გთავაზობთ წერილს, რომელსაც 200 ბათუმელი აწერს ხელს.  

"ბოლო ორი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მინერალური სასუქების კარაბამიდის გადამზიდი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. გვინდა გაცნობოთ, რომ ბათუმის მოქალაქეები ვართ სენსიტიურად განწყობილები ტერმინალის მშნებლობის მიმართ და გვაქვს გარკვეული შიში.

ჩვენი შიშის საფუძველი კი ის არის, ბოლო წლებია, ჩვენს თვალწინ სახელმწიფოს ხელშეწყობით ან სათანადო რეაგირების უქონლობის გამო ჩვენი საცხოვრებელი გარემო სახიფათო და გაუსაძლისი ხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევებით, გასულ 2018 წელს ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ კვლევაში ჰაერის ყველაზე დაბალი ხარისხი რეგიონებიდან სწორად ბათუმშია დაფიქსირებული.

ეს მაჩვენებელი ქალაქის არჩეული მერისთვის საგანგაშო უნდა იყოს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბათუმის მერიას ტერმინალის აშენების ნებართვის მისაღებად შპს „ბათუმის ნავსადგურმა“ უკვე მოგმართათ. ჩვენი, ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების აღელვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2019 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სკრინინგის პროცედურის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ.

მაშინ, როცა ბათუმის მოსახლეობა აპროტესტებს ტერმინალის მშენებლობას და ითხოვს სახელმწიფოსგან პროცესის სრულ მონიტორინგს მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ანგარიშვალდებული იყო ადრე გაცემულ ნებართვაში კი არ შეეტანა ცვლილება, არამედ ახალი გზშ-ს ანგარიში გაკეთება მოეთხოვა, მითუმეტეს, როდესაც ტერმინალის მშენებლობა იგეგმება დასახლებული ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.

ჩვენც და თქვენც კარგად უნდა ვხედავდეთ და აღვიქვამდეთ ჩვენს რეალობას: უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისა და მონიტორინგის არქონა ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად გვიჯდება. მართალია, სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანიას კარბამიდის გარდა სხვა ნივთიერებების გადაზიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნდობლობა პროცესის მიმართ ანულირებული კონტროლის მექანიზმების გამო. ვინაიდან ეს კერძო კომპანიის ტერმინალია… ამიტომაც მიგვაჩნია, რომ სრული გზშ-ს დოკუმენტის მომზადება და მონიტორინგის პროცედურების გაწერა საჭიროა.

ბატონო ლაშა! მოგიწოდებთ, იმოქმედოთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, თავი შეიკავოთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ გვექნება უსაფრთხოების სრული გარანტია და ყველა კითხვაზე პასუხი. მართალია, ერთი შეხვედრა უკვე შედგა ბათუმის მერიაში და კომპანიამ ტერმინალის მშენებლობის პრეზენტაცია წარმოადგინა, თუმცა ყველა დაინტერესებული მხარე შეხვედრაში არ მონაწილეობდა.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ უზრუნველყოთ უფრო ფართო სპექტრით შეხვედრის ორგანიზება, დაინტერესებული მოქალაქეების გარდა მოიწვიოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, ტერმინალის მშენებელი კომპანიის,ბათუმის ნავსადგურის“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ და სხვა გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა დისკუსია უფრო ინფორმაციული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული გახდეს" - წერია საჯარო წერილში, რომელიც მერს გაუგზავნეს. 

ამავე კატეგორიაში