ცენტრალურ პარკში ერთი უფასო ატრაქციონი ფასიანების გვერდით დაიდგა

05 თებერვალი 2019, 00:00 5633 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკს ერთი უფასო ატრაქციონი ემატება. გემის ფორმის პლასტმასის სასრიალო პარკის იმ ნაწილში იდგმება, სადაც ფასიანი მექანიკური ატრაქციონებია განთავსებული.

მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილმა ამ ფორმით 10 წლიანი იჯარით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, რომლის მიხედვით ცენტრალურ პარკში ერთი გასართობი სივრცე უნდა შეექმნა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე პოპულარული პარკის ნაწილი 10 წლიანი იჯარით 2018 წელს გასცეს. 2028 წლამდე პარკის ფასიანი ატრაქციონების მოვლა/პატრონობა ფიზიკურ პირს ეკატერინე ნიკოლაიშვილს გადაეცა.  ატრაქციონებიდან მიღებული  შემოსავალის სანაცვლოდ, მოიჯარე მერიას წლიურად 84 ათას ლარს უხდის. 

ბათუმის ცენტრალურ პარკში არ არსებობს უფასო გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, ყველა მომსახურება პარკში ფასიანია. 10 წლიანი იჯარის გაფორმების დროს, მერიამ ხელშეკრულებაში უფასო ერთი ატრაქციონის განთავსების ვალდებულება ჩადო. 

რუსკა ლორთქიფანიძეს ბავშვი ხშირად დაჰყავს ცენტრალურ პარკში, ამბობს სუფთა ჰაერზე ბავშვებს მეტი გასართობი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ფასიანი ატრაქციონებია. "არსებულზე ფასები მისაღები უნდა იყოს, რადგან ყველა მშობელს შეეძლოს სარგებლობა და ბავშვის პარკში გამოყვანა. ან გაიხსნას უფასო ატრაქციონები, რომ ბავშვები უფრო მხიარულები და ბედნიერები იყვნენ".

სოფიო თურმანიძე კი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ სხვა ტიპის გასართობი საშუალებები უნდა ჰქონდეთ ბავშვებს საჯარო სივრცეში, რომელიც იქნება უფასო და განვითარებაზე  ორიენტირებული. "უკეთესი იქნება თუ პარკს დამატება სხვა ტიპის გასართობი ატრაქციონები, ხის საქანელები ან ქვიშის მოედნები, რადგან ბავშვები ხშირად ქვიშაში უკეთესად ერთობიან". 

ფოტო ლონდონის ცენტრალური პარკიდან 

ბათუმის ცენტრალურ პარკში ამ დროისთვის მხოლოდ ფასიანი ატრაქციონებია, მათი ღირებულება 1-ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს. 

 

ავტორი გიული ბერიძე (სტაჟიორი) 

 

ამავე კატეგორიაში