პატრიარქი თანახმაა გიორგი მამალაძე აზიარონ, თუ სასულიერი პირები პასუხისმგებლობას პირადად აიღებენ

05 თებერვალი 2019, 00:00 1965 ნახვა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს, გიორგი მამალაძის ზიარების უფლება მისცა, თუ ისინი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ. 

''ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა'' - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ზიარებას ითხოვენ. საპატრიარქოსთან მეორე დღეა კარვებია გაშლილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზიარების მოთხოვნამ ზეწოლის სახე შეიძინა, რაც მიუღებელია.

'' 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.

სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც'' - წერია განცხადებაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში