ოზურგეთის მერიამ ასწლოვანი ე.წ. კანფეტის ხე სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ გაყიდა

07 თებერვალი 2019, 00:00 8264 ნახვა

გუშინ, 6 თებერვალს, პირობიანი აუქციონის წესით, ოზურგეთის მერიამ მწვანე ნარგავი გაყიდა. ე.წ. კანფეტის ხე, იგივე ტკბილი ჰოვენია 4620 ლარად გაიყიდა. ხით დაინტერესება მხოლოდ ერთმა ლოტმა გამოთქვა. 4400 ლარად შეფასებული ხე, ერთი ბიჯით 220 ლარიანი ნამატით შეიძინა მომხმარებელმა, რომლის ვინაობა საიტზე მითითებული არ არის. 

ხის გასაყიდად, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბრძანება გამოსცა, სადაც წერია რომ ხის საფასურით, მწვანე ნარგავით დაინტერესებულმა პირმა,  დაბა ლაითურში მერიის ადმინისტრაციული შენობა უნდა გაარემონტოს.   

კამფეტის ხე ანუ ტკბილი ჰოვენია ფოთოლმცვენი 20- 25 მ სიმაღლის ხეა,სამშობლო - ჩინეთი, კორეა, იაპონიაა. ყვავილობს ივნისში,  ნაყოფი ხმელი აქვს და იჭმევა, უმად მისი გემო ქიშმიშს წააგავს. 

მწვანე ნარგავის აუქციონზე გატანის ეს პირველი შემთხვევა არ არის.  აჭარაში, ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შემდეგ, რამდენიმე ხე გავიდა აუქციონზე.  მწვანე კონცხზეც გაიყიდა აუქციონის წესით ევკალიპტის ხეც, რომელიც 14 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა “დმანისის გადარჩენის ფონდმა”  20 020 ლარად შეიძინა.  26 მეტრიანი ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო.  მოგვიანებით, პოლიტიკურმა პარტიებმა თანხა ვერ გადაიხადეს და სახელმწიფომ ხე უკან დაიბრუნა,  “დმანისის გადარჩენის ფონდმა” კი სასამართლოს მიმართა. 

მწვანე ნარგავების შეძენით საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. მისი ინიციატივით, შეკვეთილში, სავარაუდოდ დენდროლოგიური პარკისთვის აჭარიდან 80-მდე ხე გადაიტანა. ხეები გადაჰქონდათ ზღვითა და საავტომობილო გზით. 

 

 

ამავე კატეგორიაში