აჭარაში წითელას ვირუსის 39 საეჭვო 7 კი დადასტურებული შემთხვევაა

08 თებერვალი 2019, 00:00 1656 ნახვა

აჭარაში წითელას ვირუსის 39 საეჭვო 7 კი დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე შვიდი პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტების დიდ ნაწილს აცრები არასრულად ჰქონდათ ჩატარებული. 

ყველაზე მეტი 14 შემთხვევა დაფიქსირდა 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ორით ნაკლები, 12 შემთხვევა 4 წლამდე ბავშვებში, რომლებმაც მეორე გეგმიური აცრის გაკეთება ვერ მოასწრეს.

2004 წლიდან, გეგმიური აცრა ერთი და ხუთი წლის ასაკში კეთდება. 

რუსუდან შავიშვილის თქმით, 18 იანვრიდან დღემდე აჭარაში 5555 მოქალაქემ წითელას საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასულ წელს ჩატარებულმა არაგეგმიურმა ვაქცინაციამ შედეგი გამოიღო და წელს რეგიონში დაინციფირებული პაციენტების მაჩვენებელი დაბალია. 

''წითელა არის მწვავე ვირუსი დაავადება, რომლის გადამდებლობაც არის თითქმის 100%. ერთადერთი რაც გვიცავს ეს არის ვაქცინაცია. ჩვენ არ ვართ ეპიდაფეთქების რეგიონში. აჭარაში არის ორნიშნა ციფრია, ეს იმის  დამსახურებაა, რომ შარშან გაკეთდა არაგეგმიური აცრები. მიმდინარე წელს კი მთავრობის განკარგულებით და შემდეგ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით სხვა კატეგორიაც აიცრა. მათ შორის სავალდებულო იყო  ჯანდაცვის და განათლების სისტემაში დასაქმებულების, მოსწავლეების, სტუდენტების, ბაღის აღსაზრდელების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე პირების ვაქცინაცია'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რუსუდან შავიშვილმა. 

​მისივე განცხადებით, წითელას აცრა უკუნაჩვენებია ორსულებში. ასევე ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ იმ პირებმა, რომლებიც უახლოეს თვეებში ბავშვის გაჩენას გეგმავენ. 

ამავე კატეგორიაში