ერთი კვირის შემდეგ სოფელ ჯიხანჯურში წყალი ჩაირთო

08 თებერვალი 2019, 00:00 1279 ნახვა

სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობას, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით წყლის მიწოდება აღუდგა.  მოქალაქეები ამბობენ, რომ ის დაბალი წნევით მოდის, ასევე აინტერესებთ არის თუ არა სასმელი წყალი დასალევად უსაფრთხო.

„დღეს დილით წყალი მოვიდა,მაგრამ ძალიან დაბალი ნაპორი (ავტ. წნევა) აქვს. ასეთი ნაპორით ვერც სარეცხის მანქანა ჩაირთვება. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაინტერესებს დასალევად ვარგისიანი თუ არის - ამბობენ სოფელ ჯიხანჯურის მცხოვრებლები.

„ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი ირწმუნება რომ, სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება დაბალ წნევას, სულიკო თხილაიშვილის განმარტებით, დღის ბოლომდე რეზერვუარი აივსება და ხარვეზიც აღმოიფხვრება.  

„სამუშაოები დასრულებულია, ის ნაწილი, რომელმაც შეაფერხა წყლის მიწოდება შევიძინეთ და გამოვცვალეთ, წყლის საქაჩის ძრავი მუშა მდგომარეობაშია, გუშინ ჩავრთეთ, სხვა ხარვეზი გამოჩნდა, რომელიც უკვე გამოსწორებულია. დღეს დილიდან წყლის მიწოდება განახლდა. რაც შეეხება იმას, რომ არასაკმარისი წნევით მოდის ესეც მალევე გამოსწორდება. რეზერვუარში დაცარიელებულია და სანამ არ შეივსება ნაპორი არ მოემატება. დღის განმავლობაში რეზერვუარი აივსება და წყალი შეუფერხებლად ექნებათ ჯიხანჯურის მოსახლეობას. ხოლო რაც შეეხება წყლის ხარისხს, ის ლაბორატორიულად შემოწმებულია, შეესაბამება სტანდარტებს და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმებს - ამბობს „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორი სულიკო თხილაიშვილი.

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურის მკვიდრებს ერთი კვირის განმავლობაში წყალი არ ჰქონდათ. 

 

ავტორი: სტაჟიორი ლოლა ტომასიანი

ამავე კატეგორიაში