ექვსი ორგანიზაცია პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს 

11 თებერვალი 2019, 00:00 1505 ნახვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს.  ხელმომწერები ფიქრობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები დარღვეულია.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ტესტი ვერ ჩააბარეს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები წერენ, რომ მტკიცებულებების მოპოვება კანონდარღვევით მოხდა. ასევე საქმის განხილვის პროცესში სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპიც დაირღვა.

​''მამალაძის დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.   

საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს. 

დოკუმენტს ხელს აწერს: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)

ამავე კატეგორიაში