მუშაობა 24 საათიან რეჟიმში დასვენების გარეშე - წყლის სათავე ნაგებობაზე დასაქმებულების პროტესტი

12 თებერვალი 2019, 00:00 1854 ნახვა

​ქობულეთში, სოფელი ჯიხანჯურის წყლის სათავე ნაგებობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ 5 თვეა, დასვენების გარეშე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. „სოფლის წყლის“ თანამშრომლების თქმით, გასული წლის სექტემბრამდე 4 ადამიანი გრაფიკით მუშაობდა, თუმცა ორმა სამსახური დატოვა.

ძველ პოზიციაზე დარჩენილები, შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ამ ეტაპზე მათი ხელფასი 160 და 280 ლარს შეადგენს. 

თანამშრომლების თქმით, წყალსადენი ძველია და გამართული მუშაობისთვის მუდმივად მეთვალყურეობა, ასევე დეტალების შეკეთება სჭირდება. ოთარ ქათამაძე და ჯამბულ ხოზრევანიძე ითხოვენ, გაორმაგებული საქმის ფონზე ხელფასიც გაუზარდონ.

„ქობულეთის წყლის“ დირექტორი ამბობს, რომ თანამშრომლებს დატვირთვით მუშაობა ნამდვილად მოუწიათ, თუმცა დასვენების დღეები მათთვის არავის გაუუქმებია. შესაბამისად დამატებითი ანაზღაურების გაცემა არ განიხილება.

სულიკო თხილაიშვილი ირწმუნება, რომ უკვე შერჩეულია 2 თანამშრომელი, რომელიც მუშაობას ხვალიდან შეუდგება და გრაფიკიც დარეგულირდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში