როგორ ამოვიცნოთ თუ ბავშვზე ფიზიკურად ძალადობენ, სექსუალურად ავიწროვებენ ან სხვა საფრთხის წინაშე დგას

13 თებერვალი 2019, 00:00 1941 ნახვა

როგორ დავიცვათ ბავშვები ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ სხვა სახის საფრთხეებისგან. ასევე, როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ქცევაში მასზე ძალადობის შემცველი სავარაუდო ფაქტები -  რეკომენდაციები მშობლებს, მეურვეებს, ძიძებს, პედაგოგებს და ყველას, ვისაც ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევთ.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა პარტნიორობა ''ადამიანის უფლებებისთვის - PHR'' იურისტი ანნა არგანაშვილისგან

• უნდა ვიცოდეთ რას გვეუბნება ბავშვი მაშინაც კი, როცა ის ძალიან ჩუმადაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ თუ მხოლოდ ერთხელ გვითხრა, რომ ვიღაც ზრდასრულის ქცევაში რაღაც არ მოსწონს.  ეს მნიშვნელოვანია და უნდა გავარკვიოთ რას ეფუძნება მისი უარყოფითი ემოცია. 

• ხანდახან ხდება ისე, რომ ბავშვები მოულოდნელად იკეტებიან საკუთარ თავში, გაგვერიდებიან უფროსებს,  ჩვენთან აღარ უნდათ კომუნიკაცია - ესეც ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო ქცევაა, რომელიც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს. 

• ყურადღებაა მისაქცევია ბავშვი, როცა ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალიზირებული ქცევა აქვს. ამ სახის ინფორმაცია  მას არ უნდა ჰქონდეს.  ფაქტები კი ხშირია, რასაც მშობლები და აღმზრდელები უნდა დააკვირდნენ.

• მნიშვნელოვანია  ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, რომელსაც არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, არ აღვიქვათ პრობლემად. 

• ბავშვი თუ რომელიმე ზრდასრულ ადამიანთან დარჩენაზე მკვეთრ პროტესტს აცხადებს,  ამას აუცილებლად აქვს მიზეზი და უნდა გავარკვიოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის არ ვამბობთ, რომ სექსუალურ ძალადობასთან ან ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ თუ ეჭვი წარმოგვეშვა, უკვე უნდა დავხარჯოთ დრო ამ ეჭვის გასარკვევად. 

"არ მოგვერიდოს ამ ეჭვის გასარკვევად უწყებებისთვის მიმართვა.  შეაწუხეთ სახალხო დამცველი, მიმართეთ პოლიციას,  15-05 სოციალურ სამსახურში დარეკეთ - ეჭვის გადამოწმება ჩვენი ვალდებულებაა.

ასევე, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს მეორე ზრდასრულის ქცევა ჩვენი შვილის მიმართ. სირცხვილი არ არის, რომ მივუთითოთ და ეს ეჭვიც უნდა გადავამოწმოთ შესაბამის უწყებებში. ბავშვების დასაცავად ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო თამამები'' - განაცხადა გადაცემა ''ჰეშთეგში'' იურისტმა ანნა არგანაშვილმა

ამავე კატეგორიაში