ხელვაჩაურში ბაღებსა და სკოლებში წყალი ავზებით მიაქვთ 

13 თებერვალი 2019, 00:00 1637 ნახვა

ხელვაჩაურში ბაღებისა და სკოლების ნაწილს წყალს მოძრავი წყლის რეზერვუარით აწვდიან. ორი დღეა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასობით მოქალაქესა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს წყალი არ მიეწოდება.  

''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ ცისტერნებით წყალი ორ საჯარო სკოლასა და ერთ ბაღში უკვე მიიტანეს. შემდეგ კი მოქალაქეებსაც ინდივიდუალურად მიაწვდიან. 

ამ ეტაპზე რამდენ ოჯახს არ მიეწოდება წყალი, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ. 

11 თებერვალს, დღის ბოლოს მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა. წყლის მიწოდება შეუწყდა როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს. ''სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და სავარაუდოდ დღის ბოლომდე დასრულდება'' - აცხადებენ ''ბათუმის წყალში''.

ახალი ქსელის აბონენტებს წყალი გუშინ საღამოს ჩაურთეს. 

​''მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემა არის ძველი, რაც ტექნიკურ ჯგუფებს ხელს უშლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში. „ბათუმის წყალი“ მაქსიმალურად შეეცდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგინოს. მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის აღდგენამდე, წყლის მიწოდება მოხდება ცისტერნების მეშვეობით'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში