დეკანოზი გიორგი მამალაძე მოძღვარმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა

17 თებერვალი 2019, 00:00 2461 ნახვა

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ გუშინ მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და აზიარა.

„მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია", - განაცხადა მამა ნიკოლოზ გიგატაძემ.

მისივე თქმით, უცნობია როდის დატოვებს დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკას.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.

ამავე კატეგორიაში