ბათუმის მერია სამი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 1 100 000 მეტ ლარს დახარჯავს

19 თებერვალი 2019, 00:00 3199 ნახვა

ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ბარცხანაში, ნონეშვილის #58-სა და #60 ნომერში 9 სართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას გეგმავს, რომლისთვისაც 604 ათასი ლარია გამოყოფილი. 

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში აცხადებენ, რომ ბარცხანის დასახლებიდან, კონკრეტულად კი ამ კორპუსების ამხანაგობების განცხადებები შევიდა. მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ შენობის ფასადიდან სახლებში წყალი შედიოდა.   განცხადებების შესწავლის შედეგად, უწყებამ თანხის გამოყოფა და ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა. 

ტენდერის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, 604 ათასი ლარით, 6930 კვადრატული მეტრი ფასადი უნდა გაარემონტოს.  ჩამოყაროს ძველი ბათქაში, შენობა კი შეფუთოს სპეციალური მასალით, რომელიც რკინის კარკასზე აეწყობა.  სამუშაოები კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეში, ორ თვეში უნდა დაასრულოს. 

კიდევ ერთი სახლი, რომლისთვისაც ნახევარ მილიონამდე თანხა დაიხარჯება რუსთაველის 41 ნომერია. ამ შემთხვევაში ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ჰყავს. 7 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის ფასადისთვის ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი დაიხარჯება. 

სარემონტო სამუშაოები კომპანიამ დღეს, 19 თებერვალს დაეწყო. საფეხმავლო ბილიკზე სამშენებლო ღობეს აკეთებენ. 

ფოტო: გიული ბერიძე

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში