მართვის მოწმობის გამოცვლას შაბათ-კვირასაც შეძლებთ

22 თებერვალი 2019, 00:00 1532 ნახვა

"მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი   24 თებერვალს,  კვირას, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე  დამატებით იმუშავებს"  - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კვირას მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენა სურთ.

ექვს დღეში, 2019 წლის 1 მარტს, 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული მართვის მოწმობების ნაწილი, ძალადაკარგულად ჩაითვლება. 

განახლებული დოკუმენტაციის აღება მოუწევთ მოქალაქეებს, რომლებსაც  C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები ჰქონდათ. 

მოქალაქეებმა დოკუმენტაციის გასაახლებლად მომსახურების სააგენტოში, ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი და არსებული მართვის მოწმობები უნდა წარადგინონ. მათ 15 ლარის გადახდაც მოუწევთ. დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - საფასური 35 ლარი იქნება.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, თუმცა განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

კიდევ ერთი დეტალი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ძალადაკარგულად ჩაითვლება.

ის პირები კი, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად,  C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.

ამავე კატეგორიაში