მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის წელს გამოცდები არ დაინიშნება - განათლებისა მინისტრის მოადგილე

25 თებერვალი 2019, 00:00 1927 ნახვა

მიმდინარე წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება, – ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ პირველ არხს განუცხადა.

ირინა აბულაძის თქმით, სამინისტრო გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობს  და რა ფორმით მოხდება სასკოლო განათლების დონის შემოწმება და რომელ კლასებში, მომავალ წელს გახდება ცნობილი.

''წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განათლების კომიტეტთან შეთანხმებით.

ვმუშაობთ გამოცდების ახალ მოდელზე. გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მე-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში.

ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით. პირველ ეტაპზე, ამას ექნება კვლევის და დიაგნოსტიკის ფუნქცია. შემდეგ კი, გამოკვეთილი ტენდენციიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ ამ საგამოცდო სისტემის დახვეწაზე”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა.

ფოტო:არქივი

 

ამავე კატეგორიაში