დარჩება თუ არა რივიერა ბათუმის ისტორიული დაცვის საზღვრებში - მერმა რეკომენდაციები მიიღო

04 მარტი 2019, 00:00 3208 ნახვა

ბათუმის ევროპული ნაწილის ისტორიული დაცვის ზონაში ქალაქის რა ტერიტორია უნდა შევიდეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს საბჭოდან რეკომენდაციები სამი დღის წინ მიიღო. 

რა წერია რეკომენდაციებში მერი ამაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ დოკუმენტაციას სწავლობენ. ''15 თებერვალს ჩვენ გვქონდა განხილვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. შეხვედრაზე მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. სააგენტოდან წერილობითი რეკომენდაცია ჩამოვიდა, პარასკევს გავეცანი,  აქედან გამომდინარე და ამაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ შესაბამისი პროცედურის გავლის შემდგომ აუცილებლად მიიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს'', - უთხრა აჭარის მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.

რა წერია სარეკომენდაციო წერილში უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერი, საზოგადოება "ბათომი" და თბილისში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების  ექსპერტები ესწრებოდნენ, არ მოიწონეს დოკუმენტი, სადაც ბათუმის ისტორიულ დაცვის ზონაში არ მოხვდა სანაპირო ზოლი, რივიერა და ბულვარი. 

აღსანიშნავია, რომ სანაპირო ზოლის, ბულვარისა და რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებიდან ქალაქის მერიამ ამოიღო. ლაშა კომახიძის განმარტებით ეს ტერიტორია უკვე განაშენიანებულია და აღარ წარმოადგენს ისტორიულ ზონას, ბულვარს კი თავისთავად აქვს ძეგლის სტატუსი.

მერის ეს მოსაზრება არ იყო კვლევებით დასაბუთებული, მაშინ როცა, "გეოგრაფიკის" დასკვნის თანახმად (რომელმაც მერიის დაკვეთით მრავალპროფილური კვლევების შედეგად ისტორიული ზონა შეისწავლა), ძველი ბათუმში ​ ბულვარიც და მთლიანად სანაპირო ზოლიც შედიოდა. 

შესაბამისად, ლაშა კომახიძეს სიტყვიერად დაუწუნეს დოკუმენტის ის ვერსია, საიდანაც ტერიტორიები დუსაბუთებლად იქნა ამოღებული.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში