ბათუმის შემოსასვლელში გზის რეაბილიტაციის გამო საცობებია

11 მარტი 2019, 00:00 2558 ნახვა

ბარცხანაში, თამარ მეფის გამზირზე დილიდან საცობია. გზის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. ხელოვნების ცენტრიდან მძღოლები უკვე ცალმხრივად მოძრაობენ. ე.წ. ბარცხანის ხიდამდე გზა სპეციალური ნიშნულებითაა ჩაკეტილი. 

მოქალაქეებს შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდათ. 

''დილიდან საცობში ვართ, არ ვიცით რა ხდება, მგზავრებს არ გვაქვს ინფორმაცია შეზღუდვების შესახებ. ათ საათზე სამსახურში უნდა ვიყოთ, ჩვენ კი, რა დროა და ჯერ კიდევ აქ ვართ გაჩერებულები. თადარიგს დავიჭერდით '' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ქობულეთიდან ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა.  

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თამარ მეფის გამზირზე, ცენტრალური გზის მარჯვენა ზოლში, სატრანსპორტო მოძრაობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გზების მოვლა-პატრონობის პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარს ცვლიან.

სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი ავტომობილები ერთ ზოლში იმოძრავებენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში