C-ჰეპატიტი, აივ ინფექცია და ტუბერკულოზი - რა შედეგები დადგა მოქალაქეების უფასო შემოწმებით

14 მარტი 2019, 00:00 2223 ნახვა

აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ტურისტულ რეგიონში დაავადებულთა რიცხვი მზარდია. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით,  ტუბერკულოზის გავრცელებას ხელს ინტენსიური მიგრაციული პროცესები უწყობს. 

"ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ რეგიონს კი აქვს ამბიცია გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი იყოს, რისთვისაც აჭარა ტუბერკულოზისგან თავისუფალ ,,კუნძულად“ გადაქცევის ინიციატივას შეუერთდა" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროგრამის ფარგლებში, რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის გამოკვლევები 8 თვეა მიმდინარეობს. მოქალაქეებს სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ სთავაზობენ ტესტის ჩაბარებას (კლინიკებში, პოლიკლინიკებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოძრავი ლაბორატორიებით).  

საქმიანობას ნაწილობრივ გლობალური ფონდი აფინანსებს. მათი რეკომენდაციებით აქამდე არსებული პასიური სკრინინგის ნაცვლად, ტუბერკულოზის აქტიური შემოწმება დაიწყო, რასაც “C” ჰეპატიტის და შიდსის კვლევებიც დაემატა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, ამ დაავადებებზე 4448 მოქალაქე შეამოწმეს. 

C-ჰეპატიტის 86 პირს დაუდგინდა, აივ ინფექცია კი მხოლოდ ერთს. რაც შეეხება ტუბერკულოზის მაჩვენებელს, 4705 ბენეფიციარიდან 534 ფტიზიატრთან დამატებით კონსულტაციაზე გაიგზავნა. ტუბერკულოზი 1 შემთხვევაში დადასტურდა. 

შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა გაეწია მკურნალობაში ჩართულ 245 პაციენტს. მკურნალობა დაასრულა 97 პაციენტმა, განიკურნა - 64.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრს მიმართონ, სადაც გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ. ასევე ქალაქის სხვადსხვა უბანში, წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მოძრავი ლაბორატორიებით მედიკოსებიც მიდიან. მოქალაქეებს ასევე საშუალება აქვთ, პოლიკლინიკებში სპეციალური კითხვარებიც შეავსონ, საეჭვო შემთხვევებში კი მათ ექიმები დამატებითი კვლევებისთვის ტუბერკულოზის ცენტრში გადაამისამართებენ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარტში, მოძრავი ლაბორატორიები ძირითადად  საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე იქნებიან. ერთი დღით ადრე კი მოსახლეობას გააფრთხილებენ. 

ამავე კატეგორიაში