აუდიტი: სანდასუფთავების სამსახურმა ბათუმის ბიუჯეტში 316 800 ლარი უკან უნდა დააბრუნოს

15 მარტი 2019, 00:00 2096 ნახვა

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ბათუმის მერიის ''სანდასუფთავების'' სამსახურმა ​ძროხების ბათუმის ტერიტორიაზე შემოსვლის ყველა ფაქტი ვერ აღკვეთა. უწყების დასკვნაში წერია, რომ "რქოსანი პირუტყვი'' იმ ადგილებში დაფიქსირდა, სადაც ხელშეკრულებით შპს ''სანადასუფთავების'' სამსახურს კონტროლი ევალებოდა. 

აუდიტის სამსახური მერიას მოუწოდებს, რომ ამ საქმიანობისთვის "სანდასუფთავებისთვის" მიცემული 316 800 ლარი ბიუჯეტში უკან დაიბრუნოს. "ვალდებულება უწყებამ არაჯეროვნად შეასრულა და მერიამ კი ვერ შეძლო სახელშეკრულებო ვალდებულების არასათანადოდ შესრულების სამუშაოს გამოვლენა და სათანადო რეაგირების განხორციელება" - წერს აუდიტორი თავის რეკომენდაციაში. 

აუდიტორების შეფასებას კატეგორიულად არ იზიარებენ არც მერიაში და არც შპს "სანდასუფთავებაში". აჭარის მაუწყებელთან უწყების ეკონომიკური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თანხის უკან დაბრუნება, რომელიც სრულად გაიხარჯა 50 თანამშრომელზე, არასამართლიანია. 

"როცა ეს საკითხი დაისვა თუ რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა, სრული ინფორმაცია მივაწოდეთ აუდიტის სამსახურს. 50 მეველე გვყავს, რომლებიც ქალაქის პერიმეტრზე პირუტყვის შემოსვლას აკონტროლებენ და სრულად დაიხარჯა ეს თანხა მათ ხელფასებზე. აუდიტის სამსახურს პრეტენზიები ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე (ხელვაჩაური), კვარიათსა და გონიოში ჰქონდა, სადაც ფიქსირდება საქონელი, ქალაქის სხვა ტერიტორიაზე კი არ არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ტრასას, სანაპიროს, სკვერებს და ქალაქს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ ხალხს პირუტყვის ყოლა, მხოლოდ ვიჭერთ და ვაჯარიმებთ, ხოლო ჯარიმა განისაზღვრება 50 ლარით. ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე, ყველას საქონელი ყავს და ხომ ვერ დავაჯარიმებთ ყოველდღიურად, სოციალურ აფეთქებას მივიღებთ. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ყველანაირი ღონისძიება გავატარეთ რომ პირუტყვი არ იყოს ქუჩაში. აუდიტის სამსახურმა კი ჩათვალა, რომ არაჯეროვნად ვაკეთებთ საქმეს'' - ამბობს გოჩა ვარშალომიძე. 

უწყების მონაცემებით, 2017 წელს, ძროხების მეპატრონეებზე, რომლებმაც ქალაქში საბალახოდ გამოუშვეს პირუტყვი, 100-მდე ჯარიმა დაიწერა.

ფოტო:არქივი

ცალსახად არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას ბათუმის მერია თანხის უკან დაბრუნების ნაწილში, შესაბამისი წერილი მუნიციპალიტეტიდან აუდიტის სამსახურში უკვე გაიგზავნა. რადგან თანხის დაბრუნება მართებულად არ მიაჩნიათ, აუდიტორის დასკვნას "არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების" ნაწილშიც არ იზიარებენ. 

ფულის დაბრუნების ნაწილში დამკვეთი და შემსრულებლები მონიტორს არ დაეთანხმნენ, თუმცა სამომავლოდ მონიტორინგის ფორმების შეცვლის რეკომენდაცია მოიწონეს. უფრო კონკრეტულად კი, აუდიტორმა ურჩია მერიას ტენდერში დეტალურად გაწეროს ის ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს ძროხების კონტროლი.

"სანდასუფთავებაში" მიაჩნიათ, რომ მთლიანი ქალაქის ტერიტორიაზე სრულად ვერ აკრძალავ საქონლის გადაადგილებას და ტენდერშივე ამ საზღვრების და ფორმების დაკონკრეტების მომხრეა. 

მაგალითად კი მოჰყავს გონიოს ტერიტორია, სადაც ე.წ. პოლიგონი საძოვრებადაა ქცეული, ხოლო ძროხები ისე ვერ მოხვდებიან გზის პირას სახლებიდან საძოვარზე, თუ ცენტრალურ გზას არ გადაკვეთენ.    

ინიციატივა მისაღებია მერიისთვისაც

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში