ბულვარის პირსის დემონტაჟზე სასამართლო 2018 წელსაა მოგებული - აღსრულება არ დაწყებულა

18 მარტი 2019, 00:00 3836 ნახვა

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, სანაპიროზე განთავსებული პირსის, ზღვაში შეჭრილი ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება სასამართლომ 2018 წელს მიიღო. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მოსამართლემ ბათუმის მერიის სარჩელი დააკმაყოფილა და ხიდის დემონტაჟის საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო. 

ფოტო: ანა ახალაძე

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ პირსის დანგრევისთვის ა​ღსრულების ბიუროს უკვე გადასცეს საქმე, ხოლო ხიდის წინ განთავსებულ ობიექტის მფლობელთან სხვა სასამართლო დავა გრძელდება. 

"გადაცემულია "პიერ ბათუმის" საქმე აღსრულებაზე. სავაჭრო ობიექტების ნაწილში კი, სადაც სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ კომპანიამ ტერიტორია მოიყვანოს ბულვართან შესაბამისობაში. 

როგორც იცით, "პიერ ბათუმზე" ორი საქმე იხილება სასამართლოში, ბათუმის პირსის და სავაჭრო ობიექტების ცალ-ცალკე. სავაჭრო ობიექტების ნაწილში სასამართლო დავა გრძელდება, მანამდე კი მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ კომპანიასთან" - აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. 

ფოტო: ანა ახალაძე

სახელმწიფო აღსრულების ბიუროში კი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ შპს "buttun" სახელზე რეგისტრირებული ობიექტის დემონტაჟის შესახებ მონაცემები სისტემაში არ იძებნება. არც "პიერ ბათუმის" სახელზე იძებნება ბათუმის მერიის მიერ შეტანილი მიმართვა ხიდის დემონტაჟის აღსრულების ნაწილში. 

კომპანია „BATTUN“-ს ბულვარში პლაჟის 7391 კვ/მ მართვაში 29 წლით გადაეცა. პირსის მშენებლობა კი 2011 წელს დაიწყო, პარალელურად განთავსდა სანაპიროზე სავაჭრო ობიექტები. 2013 წელს მერიამ კომპანიის წინააღმდეგ დავა დაიწყო, სადაც ამტკიცებდნენ რომ ხიდისა და სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა კანონთან შეუსაბამოდ მოხდა და კომპანიას შესაბამისი უწყებების ნებართვები არ ჰქონდა (გარემოს დაცვის სამინისტრო (გზშ), კულტ.მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს და მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აუცილებელია)).  

კომპანიამ  2010 წელს, 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა წელიწადში იჯარის სახით კი 15 ათას ლარს იხდიდა. 

ფოტო: ანა ახალაძე

ფოტო: ანა ახალაძე 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში