ახალ ბულვარში პლასტმასს ეკოლოგიურად სუფთა ხის ატრაქციონებით ჩაანაცვლებენ

21 მარტი 2019, 00:00 2033 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ, გუშინ, 20 მარტს 408`794 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ ფასად ბიზნესმენებს ახალ ბულვარის ატრაქციონების ახლით ჩანაცვლებას სთავაზობენ. 

უფრო კონკრეტულად კი, პლასტმასის ატრაქციონების შეცვლა ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ყვითელი ფიჭვის, უჟანგავი ლითონის​ მასალებით უნდა მოხდეს, დეტალებად კი უმაღლესი ხარისხის პლასტმასი უნდა გამოიყენონ. მოთხოვნებში მითითებულია, რომ უნდა მოეწყოს საქანელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც

საერთო ჯამში 7 ატრაქციონი დაიდგმება, ნაწილი იქნება ინტერაქტიული. ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნით, აუცილებელია ატრაქციონებზე გამოყენებული საღებავი არ შეიცავდეს ტყვიას და სხვა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, ისინი დამონტაჟდეს უსაფრთხოების სპეციალური ინსტრუქციით და ყველა ატრაქციონზე ფინიშების სახით იყოს მითითებული, რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.  

ამ თანხაშივე შედის კაუჩუკის საფარის მოწყობა, რომელსაც ბორცვები უნდა ჰქონდეს, გამოყოფილი განსხვავებული ფერით.

დამატებით თანხაში შედის ქვის უზურგო გრძივი სკამის მოწყობა, რომელიც ტალღისებურად მონტაჟდება და ნაგვის ურნები. 

12 აპრილს წინადადებების მიღება სრულდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში კი გამარჯვებულმა კომპანიამ ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა უნდა დაასრულოს. 

ამავე კატეგორიაში