ერთ კვირაში 3 ავარია და 5 მიმართვა მერიას შუქნიშნის დადგმის მოთხოვნით

21 მარტი 2019, 00:00 2751 ნახვა

მოქალაქეებმა ჩაიკოვსკის ქუჩა დღეს პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ისინი ამ ფორმით ​ჩაიკოვსკისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში შუქნიშნის დადგმას ითხოვენ. 

მოქალაქეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ბოლო ავარია, რამდენიმე წუთის წინ (15:30) იყო. მიმდინარე კვირაში კი ეს უკვე მესამე შემთხვევაა. 

აქციის მონაწილეები თქმით, ბათუმის მერიას განცხადებით ხუთჯერ მიმართეს, თუმცა მოქალაქეების მოთხოვნას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. 

''ერთი წელია რაც ამ მონაკვეთში ასფალტი დაიგო. ბოლო რამდენიმე დღეში, უკვე მესამე ავარია მოხდა. შუქნიშნის დამონტაჟებაზე მერიაში არაერთი წერილი დავწერეთ. რამდენ ავარიას უნდა შევესწროთ კიდევ, თუ აუცილებელია ვინმე დაიღუპოს და ფიქრს შემდეგ დაიწყებენ. დღეს ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი წაიყვანეს საავადმყოფოში, ეს არ არის საკმარისი?'' - ამბობს აქციის მონაწილე.

ბათუმის ''ავტოტრანსპორტის'' წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთში  შუქნიშნის დადგმა არ იგეგმება. ''ბათუმში საგზაო ნიშნები ყველა ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეა განთავსებული, გზის მონაკვეთები შესაბამისად არის დახაზული. მთელს ქალაქში ხომ ვერ დავდგამათ შუქნიშნებს, მძღოლებს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ'' - ამბობს ბესო დათიაშვილი. 

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ''მწოლიარე პოლიციელს'' დაამონტაჟებენ. ზუსტი ვადები ამ ეტაპზე უცნობია, რადგან სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. სამსახურმა ტენდერი რამდენიმე თვის წინაც გამოცხადა, თუმცა არცერთ კომპანიას სამუშაოების შესრულების სურვილი არ გამოუთქვამს. 

საპროტესტო აქციის დროს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. 

მოსახლეობა შეთანხმდა, რომ ბათუმის მერის სახელზე კიდევ ერთ განცხადებას დაწერს. პროტესტის ნიშნად ჩაკეტილი გზა კი 10 წუთში გახსნეს.

ანა ახალაძე სტაჟიორი

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში