სამშენებლო კომპანიას გვერდით მდებარე სახლის დაზიანების გამო ედავებიან

22 მარტი 2019, 00:00 1692 ნახვა

ბათუმში, ბესიკის ქუჩის 2 ნომერში მცხოვრები ოჯახი საკუთარი სახლის გვერდით კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ჯამბულ ირემაძის ინფორმაციით, მშენებლობამ დააზარალა და საკუთარი სახლიდან ქირით გასვლა მოუხდა.

ირწმუნება, რომ აქამდე სახლის რამდენიმე ოთახს აქირავებდა, საფრთხის შემცველი გარემოს გამო კი ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს. გვიყვება, რომ მშენებლობის პროცესში სახლის კედლები დაიბზარა და ახლა იქ ცხოვრება საშიშია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მშენებარე კომპანიას სამუშაოების დროებით შეჩერება დაევალა, თუმცა ირემაძის განცხადებით სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომპანია „ბედეგი ბილდინგში“ ირემაძის პრეტენზიებს სატელევიზიოდ არ უპასუხეს, დირექტორის  ბექა ქობულაძის განცხადებით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც დავა სასამართლოში გრძელდება. სამშენებლო კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და შედეგს ელოდება.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით კომპანია ათასი ლარით დაჯარიმდა, სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების შემთხვევაში კი სანქცია განმეორდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში