გადაიხედება თუ არა გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმე?

23 მარტი 2019, 00:00 6995 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფმა შოთა შანიძემ, მოკლულის ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შოთა შანიძეს 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს. შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს. გარდაცვლილის ოჯახს მიაჩნია, რომ გიგა ფარტენაძის მკვლელობის დროს საკანში ამ სამი პირის გარდა, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ გამოძიებამ ხელი დააფარა.

გიგა ფარტენაძის ოჯახი მკვლელების მფარველობისთვის ახლაც ითხოვს  ციხის მაშინდელი ადმინისტრაციისა და ბადრაგის წევრების დასჯას. ვიდრე მოკლულის ოჯახს წერილს გაუგზავნიდა, შოთა შანიძე განაჩენის გადახედვის, უდანაშაულოდ ცნობის, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯის მოთხოვნით შიმშილობდა. ითხოვდა საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც. პატიმარმა 9 თებერვალს თვითმკვლელობა სცადა. ფარტენაძის ოჯახი შოთა შანიძის უდანაშაულობას გამორიცხავს. გიგა ფარტენაძე 2014 წელს გეგუთის ციხეში, სასტიკად ცემის შედეგად გარდაიცვალა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში