წელიწადში 60 000 დოლარი და ჯამში 72 საათი სამუშაო დრო - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 5 წევრს ეძებს

25 მარტი 2019, 00:00 2006 ნახვა

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს 5 წევრს ეძებს. თითოეულ წევრს ერთ წელში მაქსიმუმ 60 000 დოლარი ექნება და საქართველოში მგზავრობის ხარჯებიც აუნაზღაურდებათ. საინვესტიციო საბჭომ 113 მილიონი ლარი უნდა განკარგოს, რომელიც საპენსიო ფონდში დაგროვდა.

 საინვესტიციო საბჭოს წევრების შესახებ ვაკანსია Financial Times-ში გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე არ არის აუცილებელი საქართველოში მუდმივად იმყოფებოდნენ.   წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმრონ ქვეყანას და საშუალოდ, წლის განმავლობაში, ჯამურად 72 საათი იმუშაონ.

პრეტენდენტებს საინვესტიციო კომპანიებში, ბანკებში ან საპენსიო ფონდებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას და შესაბამის განათლებას სთხოვენ. ამ ეტაპზე მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბით არის კონკურსი გამოცხადებული, "საპნესიო ფონდში" ამბობენ, რომ ვაკანსიის გამოქვეყნება სხვა სააგენტოებზეც იგეგმება.    

აპლიკაციების მიღება 6 აპრილს შეწყდება. 11 აპირლამდე კომისია 5 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.  პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტის სამი წევრიანი ჯგუფი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეარჩევენ - აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქობულია, ივანე მაჭავარიანი, დავით სერგეენკო, ზურაბ ლალაზაშვილი.

საპენსიო ფონდში 113 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული.

სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს. 

ამავე კატეგორიაში