ქობულეთიდან ადამიანის გატაცების საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ

28 მარტი 2019, 00:00 2018 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულები პირველად იმსჯელებენ სისიხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვას ეხება. საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს, რომლებმაც თავად ისურვეს აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ ვერდიქტი. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შესარჩევი სხდომა დღეს გაიმართება. მსაჯულებს, შემთხვევითობის პრინციპით, პროკურორი და ადვოკატები ერთად შეარჩევენ.

მოსამართლე ნაფიც მსაჯულებთან ერთად მოისმენს მოწმეების ჩვენებებს. მსაჯულების გადაწყვეტილების მიხედვით განსაზღვრავს სასჯელის ფორმას.

ქობულეთიდან კაცის გატაცების საქმეზე 3 პირია ბრალდებული, რომლებიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.  გამოძიების მტკიცებით კი, ბრალდებულებმა 2018 წლის 20 დეკემბერს, ქობულეთში, ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად აიყვანეს მოქალაქე, რომელსაც 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნებას სთხოვდნენ.

გამოძიების მტკიცებით, გატაცებული პირი შუახევში, ახლობლის სახლში წაიყვანეს და მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მოგვიანებით გატაცებული პირი, ბათუმში, ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სავარაუდო გამტაცებლები დაზარალებულის ცოლს შეხვდნენ და ძვირადღირებული ტელეფონი და ფული წაართვეს.

პროკურორი, ბრალდებულ სამივე პირს, ძარცვაში სწორედ ამ ეპიზოდის გამო ედავება.  გატაცებული კაცის მეუღლემ პოლიციას 24 დეკემბერს მიმართა.  25 დეკემბერს კი, სამართალდამცველებმა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსის ბინაში მოქალაქე იპოვეს, რომელსაც გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა. პოლიციამ, იმავე დღეს,  ადამიანის გატაცების ბრალდებით სამი პირი დააკავა. 

ბრალდებულების ბედს 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს. ასეთ დროს, სასამართლო სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების საშუალება საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა. მათი შემადგენლობა კი კონფიდენციალურია.

ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. როგორც წესი, ნაფიც მსაჯულები მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ.

კანდიდატი და შემდეგ წევრი კი უნდა იყონ საზოგადოების ის წევრები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები სახელწიფო სტრუქტურაში და ფლობენ სისხლის სამართლის პროცესის ენას. ნაფიც მსაჯულების მიერ საქმის განსახილველად დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს აქამდე მსაჯულთა ინსტიტუტი არ აურჩევია. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში